თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 110-ე წლისთავს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ფერწერის კლასიკოსად აღიარებული უჩა ჯაფარიძის მიერ 1926-85 წლებში შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც მხატვრის სახლ-მუზეუმის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს და ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.
გამოფენა იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც უჩა ჯაფარიძის შემოქმედების კვლევასა და კრიტიკულ ანალიზს ისახავს მიზნად. გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თიბისი არტ გალერეის მხარდაჭერით გამოიცა მონოგრაფია-ალბომი „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა" (პროექტის ვტორები: დავით ანდრიაძე, ქეთევან კორძახია).
უჩა ჯაფარიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის აღიარებული ლიდერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატია. მისი შემოქმედების გარეშე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების სრულყოფილი წარმოჩენა შეუძლებელია.
გამოფენას თიბისი არტ გალერეა 4 მაისამდე უმასპინძლებს.