ფესტივალი საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის, “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშირდება, რომელიც ქუთაისში, 1917-1918 წლებში, ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის, კატო მიქელაძის (1878-1942) თაოსნობით გამოიცემოდა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები, მოხსენებები, გამოფენები, ფილმის ჩვენებები, ქუთაისის ფემინისტური ტური და დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“, რომელიც „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ორგანიზებით, ნოემბერში უკვე დაიდგა ქ. თბილისში.
აღნიშნული ღონისძიებების მთავარი თემები იქნება ის პრობლემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია: პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ნიშნით ჩაგვრა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ფესტივალს დაესწრებიან ფემინისტი აქტივისტები, გენდერის სპეციალისტები, „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს გრანტიორები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა, გლობალური ქალთა ფონდი და ჰოლანდიური ქალთა ფონდი "მამა ქეში". ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.