სერჟ სარგსიანი სომხეთის ისტორიაში ხალხის მიერ არჩეულ ბოლო პრეზიდენტად შევა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტს 2018 წლიდან პარლამენტი აირჩევს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავა. სარგსიანმა ხმა დღეს ერევნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა, თუმცა პროცედურას კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. ელექტრონულმა მოწყობილობამ პრეზიდენტის თითის ანაბეჭდი ვერ ამოიცნო. ამის გამო სარგსიანი სარეგისტრაციო მაგიდასთან რამდენიმე წუთით დააყოვნეს.
წინასწარმა გამოკითხვებმა უკვე აჩვენა, რომ სარგსიანის პარტია, რომელიც უკვე 20 წელია ხელისუფლების სათავეშია პოპულარობას კარგავს. წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერი წარუკიანის ბლოკია. პოლიტიკური გაერთიანება ცნობილმა ბიზნესმენმა გაგიკ წარუკიანმა შექმნა, რომელიც ბიზნესს არამხოლოდ სომხეთში, არამედ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსა და ევროპაშიც ფლობს. წარუკიანი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და საქველმოქმედო ფონდსაც ხელმძღვანელობს. ბიზნესმენი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სომხეთში ინვესტიციებს 15 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს მაშინ, როცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10-ნახევარ მილიარდს არ აღემატება.
ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებში წელს 5 პოლიტიკური პარტიისა და 4 პარტიული ბლოკის 1500-მდე კანდიდატი მონაწილეობს. მანდატების რაოდენობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციით, მომავალი საკანონმდებლო ორგანო მინიმუმ, 101 დეპუტატით უნდა დაკომპლექტდეს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5, ბლოკებმა კი 7 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. უმრავლესობის შექმნას ის პოლიტიკური ძალა შეძლებს, რომელიც მანდატების 54 პროცენტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ სტაბილური უმრავლესობა ვერ დაკომპლექტდება, 28 დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ისტორიაში პირველად, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდება. არჩევნების პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათში გამოაქვეყნებს. არჩევნებს სომხეთში 49 ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაცია აკვირდება.