ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს.
კინოფესტივალი გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასზე არაერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
goEast ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გახსნება. ფილმი ცოტა ხნის წინ სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, მოგვიანებით კი სოფიას კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო.
კინოფესტივალზე goEast ნახავენ ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ ფილმს, რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს "მზის ქალაქი". ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება".