თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2016 წლის ანგარიში სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარმოუდგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორს მარინა ბერიძეს მოუსმინეს, რომელმაც აღნიშნული სამსახურის 2016 წლის ანგარიში წარმოადგინა და ამასთან, 2017 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტში - ,,ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ -ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, ცვლილების მიზანს განათლების სფეროში სამსახურის ფუნქციების ახალი რედაქციით ჩამოყალიბება და დედაქალაქში განათლების კუთხით არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ფუნქციების დაკონკრეტება წარმოადგენს და მისი განხორციელება სამსახურის პრაქტიკული მუშაობიდან გამომდინარე გახდა საჭირო.
სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდნენ, რაც თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ზრდა-განვითარების სკრინინგისა და მონიტორინგის ჩატარებას გულისხმობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემიის თავმჯდომარემ მაია გაბუნიამ ისაუბრა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სკრინინგისათვის გამოიყენება ასაკისა და ეტაპების კითხვარი, რაც ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია.
„კითხვარი უკვე ნათარგმნია ქართულად და შესაძლებელია , ამ სიახლის ბაგა-ბაღებში დანერგვა, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებას გააუმჯობესებს, გაზრდის საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანობას, გააძლიერებს ოჯახს და საზოგადოებას,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელი პირები, ა(ა)იპ „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.