თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ პოეზიის ნომინაციაში გამარჯვებულ პოეტებს საკრებულოში უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც თამარ ტალიაშვილის ინიციატივით შედგა, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროებში არსებულ აქტუალურ თემებზე, ასევე ქართული მწერლობისა და სახელმწიფო ენის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სტუმრებს პოეზიის საერთაშორისო დღე მიულოცეს და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებას ყოველთვის უწყობს ხელს, რასაც საკრებულოს ინიციატივით დაარსებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ,,თბილისი” ადასტურებს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული კონკურსის სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
პოეტებმა საინტერესო ინიციატივისათვის საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადეს და ახალი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასარულს გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა პოეტებს ჟურნალის ,,ცისკარი” სპეციალური ნომრები გადასცეს, რომელშიც კონკურსის გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებებია დაბეჭდილი.
კონკურსი ,,თბილისი“ ქართველ შემოქმედთათვის სტიმულის მიმცემი სიახლეა, რომელიც საკრებულოს ეგიდით წელს მესამედ, სხვადასხვა დარგში მოღვაწე შემოქმედთა მიღწევების გამოსავლენად წლის საუკეთესო პროზის, პოეზიის, ესსეს, სიმღერის, ფოტოხელოვნების, არქიტექტურის, ქანდაკებისა და ფერწერის ნომინაციებში ტარდება.