გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა მიერ საქართველოს ცამეტი ტბის ხანგრძლივვადიანი სარგებლობის მიზნით ერთობლივი სალიცენზიო პირობები შეიმუშავეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით, ტბებით, თევზის მრეწველობაში გვაქვს პრობლემები. ამის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში, 20-წლიანი სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოვაცხადოთ აუქციონი. გვინდა მოსახლეობა იყოს უფრო ინფორმირებული და აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ასევე ლიცენზირებისთვის გამოდის ტყის მასივები. ნებისმიერი ბუნებრივი რესურსით სარგებლობაში, თუ ინვესტორების მხრიდან მისი გონივრულად გამოყენების და ინვესტიციების ჩადების ნება არსებობს, ორივე სამინისტრო მზად ვართ, მსგავსი წინადადებები განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ ბუნებრივ რესურსებში მსგავსი ტიპის ინვესტიციებს. ჩვენ მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
"ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ თევზჭერის მიზნით გამოცხადებულია აუქციონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 ტბაზე, ასევე ხე-ტყის დამზადების მიზნით აუქციონი 13 ტყის მასივზე. ფასები არის საკმაოდ დაბალი. მოსახლეობას და ამ სახის ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში, იაქტიურონ. ყველაზე მცირე ტბებზე საწყისი ფასი არის 10 000-ს ზემოთ, აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, ის კონკურენციის შემთხვევაში გაიზრდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან სისაურმა.
აუქციონზე გამოტანილია სანატას, ახმაზის, გედესან გიოლის (შიშველი), ზრესის, სულდის, სამსარის, უძირო, პანტიანის, კაიშაურის ტბები და ალგეთის, ლიპის, სიონისა და ტყიბულის წყალსაცავები. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ტბების სარგებლობისთვის აუქციონი 16 ივლისს გაიმართება.
ხაჩიძისა და სისაურის განმარტებით, ტბები რეკრეაციულ ფუნქციას შეინარჩუნებს და სპორტული თევზაობა ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება. მოსახლეობისთვის ამ ტბებით სარგებლობისას რაც იყო უფასო, ის უფასო დარჩება. საქართველოს ყველაზე დიდი ტბების აუქციონზე გატანისთვის გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს.