Mossack Fonseca-ს დამფუძნებლები, გერმანელი იურგენ მოსაკი და პანამელი რამონ ფონსეკა დააკავეს. მათ ბრალად ფულის გათეთრება, თაღლითობა და რამდენიმემილიონიანი ქრთამის გაცემა წაუყენეს.
პანამის გენპროკურორის, კენია პორსელის განცხადებით, ფირმა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც აქტივების და საეჭვო წარმომავლობის ფულის დამალვით არის დაკავებული. 1-წლიან გამოძიებას ბრაზილიის, პერუს, ეკვადორის, კოლუმბიის, აშშ-სა და შვეიცარიის პროკურორები უძღვებოდნენ.
ადვოკატის თქმით, ბრალდება საკმაოდ სუსტია. იგი მტკიცებულებებს გაასაჩივრებს.
ფირმის სახელმა პირველად "პანამური დოკუმენტების" გამოქვეყნებისას გაიჟღერა. ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს სერვერიდან აღებული 2,6 ტერაბაიტის მოცულობის დოკუმენტაცია 2016 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ, რომლებსაც ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ.
214 000-ამდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-ამდე ქართველი ფიგურირებს (კომპანიების წილების მფლობელები და კომპანიების მფლობელების წარმომადგენლები) – ბიძინა ივანიშვილი, დავით კეზერაშვილი, კობა ნაყოფია, არჩილ კბილაშვილი, კახა ბენდუქიძე, ზაზა ოქუაშვილი, რევაზ შარანგია, გიორგი გაჩეჩილაძე, კახა დამენია.