დონალდ ტრამპმა შესაძლოა ახალი საიმიგრაციო რეგულაცია გამოსცეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს სასამართლოში ის არ იჩქარებს. „ჯერჯერობით ამას არ გავაკეთებ, რადგანაც ბრძოლის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც გვაქვს, მათ შორის, ახალი ბრძანებულების გამოცემა,“-აღნიშნა ტრამპმა, თუმცა რითი იქნება ახალი რეგულაციები ძველისგან განსხვავებული, არ დაუკონკრეტებია. 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვისა და ლტოლვილთა მიღების შეჩერების გადაწყვეტილება ტრამპმა 28 იანვარს მიიღო. მისი გადაწყვეტილება ჯერ სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ, შემდეგ კი სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომდაბლოკა.