საკონსტიტუციო კომისიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ღია კარის მტვრევას ემსგავსება. თუ ამ ბმულს http://constcommission.parliament.ge/1-1 მიჰყვებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ვებგვერდზე აღმოჩნდებით. იქ ნახავთ, რომ კომისიის უკანასკნელი შემაჯამებელი სხდომა 2016 წლის 28 თებერვალს (!) შედგა. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიამ 100-მდე კონკრეტული წინანდადება განიხილა. თუმცა, კომისიამ, რომელიც პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, და სხვადასხვა მონაცემებით 300,000 ლარზე მეტი დაჯდა, მუშაობა ისე დაასრულა, რომ შედეგი ვერ დადო და კონსტიტუციის გადასინჯვა ვერ მოხერხდა.
კომისიის ბოლო სხდომაზე მისმა იმჟამინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „კონსტიტუცია არ შეიძლება ერთ რომელიმე პარტიაზე იყოს მორგებული და ის ფართო კონსენსუსით მიღებული დოკუმენტი უნდა იყოს.“
იმავე სხდომაზე უსუფაშვილმა „ქართული ოცნება“ შეაქო იმის გამო, რომ წინა კომისიებისგან განსხვავებით მან „თავი შეიკავა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტის დადებისგან.“ თუმცა მოგვიანებით, ოპოზიციაში გადასული უსუფაშვილი „ოცნებას“ აკრიტიკებდა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საკუთარი წინადადებები არ წარმოადგინა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის ცვლილებები დაანონსა, საკითხის ირგვლივ უცნაური ვნებათაღელვები აგორდა.
ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. გაუგებარია, რატომ უნდა შექმნილიყო ახალი სამუშაო ჯგუფი, როდესაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უკვე შექმნილი იყო საკონსტიტუციო კომისია ,პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარეობით და დებულებით დადგენილი იყო მისი შემადგენლობაც, სადაც სხვებთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი მისი საპარლამენტო მდივნით არის წარმოდგენილი.
მიუხედავად ამისა, გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით შექმნილიყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინიციატივა იმით გაამართლა, რომ პრეზიდენტი, როგორც უპარტიო მონაწილე, იქნებოდა ერთგვარი დამაბალანსებელი ფაქტორი და საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი „ქართულ ოცნებას“ ვერ შეძლებდა კონსტიტუციის პარტიულ ინტერესებზე მორგებას. კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივა მყისიერად უარყო და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი პარლამენტია. მოგვიანებით, პარლამენტის პირველ სხდომაზე მარგველაშვილმა პოზიცია ოდნავ შეცვალა და სპეციალური სამუშაო ჯგუფის ნაცვლად უკვე საკონსტიტუციო კომისიაში შესთავაზა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანათავმჯდომარეობა მასთან ერთად. ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტის ინიციატივას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ტრიუმვირატი გაძღოლოდა, სკეპტიკურად შეხვდა კონსტიტუციონალისტთა ნაწილი.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ რთული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მის ინიციატივას მმართველმა პარტია უკუაგდებდა. ასეც მოხდა. შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამით ფაქტიურად განახლდა პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დროებით მინავლებული დაპირისპირება, რომელიც 2013 წლიდან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის დაიწყო. კონფლიქტის ესტაფეტა ივანიშვილის მემკვიდრე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა და 2 წლის მანძილზე მთელი ქვეყანა თვალს ადევნებდა მასსა და პრეზიდენტს შორის ლამის ტრაგიკომიზმამდე მისულ კინკლაობას, რაც დიდწილად კონსტიტუციაში ძალაუფლებათა გადანაწილების გაუმართაობით იყო გამოწვეული. პრემიერად კვირიკაშვილის მოსვლამ დაპირისპირება თითქოს ჩააქრო, მაგრამ მუგუზლები დარჩა და ყველაფერზე ეტყობოდა რომ ადრე თუ გვიან ხანძარი ხელახლა აალდებოდა. საკონსტიტუციო კომისია აღმოჩნდა საბაბი, რომ მხარეები კონფლიქტის მეორე წრეზე წასულიყვნენ.
დაპირისპირება და სპეკულაციები თუ ვინ უნდა იყოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე თუ თანათავმჯდომარე, არ გაჩნდებოდა, კომისიის შექმნის წესი კანონით რომ ყოფილიყო განსაზღვრული და არა პარლამენტის დადგენილებით. თუმცა, 3 წლის წინათ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ამაზე არ ფიქრობდა.
პრეზიდენტის ინიციატივა ფაქტიურად პრეზიდენტს ანიჭებდა „პირველი ვიოლინოს“ ფუნქციას კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, რადგანაც საკონსტიტუციო კომისიის სამი თანათავმჯდომარის პირობებში პარტიული ფიგურების პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის სპიკერის ფონზე უპარტიო და პოლიტიკურად „ნეიტრალური“ პრეზიდენტი, როგორც დამაბალანსებელი ფაქტორი, საზოგადოებისა და პოლიტელიტისათვის უფრო მისაღებად წარმოჩნდებოდა. ეს სცენარი რა თქმა უნდა აწყობდა მარგველაშვილს, მისი პოლიტიკური წონის გასაზრდელად და ამბიციების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, და მარგველაშვილს არ შეიძლება ეს არ სცოდნოდა, რომ ასეთ ვარიანტს ცნობილი მიზეზების გამო არანაირად არ დაუშვებდა „ქართული ოცნება.“ მითუმეტეს, რომ მას საამისოდ ლეგალური არგუმენტები გააჩნია. ეს გახლავთ პარლამენტის ზემოხსენებული დადგენილება და არსებული კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას ართმევს. პოლიტიკური განცხადებები „დამაბალანსებელ მექანიზმებზე,“ რითაც ოპერირებს პრეზიდენტის მხარე, ვერ გახდება კანონის საპირწონე. სამაგიეროდ, მოახდენს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას
გუშინ ოფიციალურად გადაწყდა რომ საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე წაუძღვება, დასახელდა კომისიის შემადგენლობაც რაც გათვალისწინებულია პარლამენტის ცნობილი დადგენილებით და პრეზიდენტს შეუძლია ერთის ნაცვლად ორი წარმომადგენელი ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ფარიკაობა ამ საკითხზე როგორც ჩანს არ შეწყდება.
მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარგველაშვილი არ აპირებს კონსტიტუციის განხილვის რაიმე ალტერნატიული სტრუქტურის შექმნას, მაგრამ იქვე დაამატეს, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკონსტიტუციო ცვლილებებში ხალხის ჩართულობას და პარლამენტამდე მათი ხმის მიტანას. იქიდან გამომდინარე, თუ რა ჯგუფები იკრიბებიან დღეს მარგველაშვილის გარშემო, შეიძლება ვივარაუდოთ თუ როგორ წარიმართება პროცესი, მითუმეტეს რომ საკონსტიტუციო კომისიის ამჟამინდელი ფორმატის მიმართ პრეზიდენტის წარმომადგენელთა ლექსიკაში უკვე გაჩნდა შეფასებები: „პოლიტიკური ნდობის და პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობა,“ „კონსენსუსის დეფიციტი,“ „ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღება“ და ა.შ. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი და მისი გუნდი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაუპირისპირებენ კონსტიტუციური ცვლილებების საზოგადოებრივ განხილვებს, ეს ძირითადად მოხდება სამოქალაქო სექტორის იმ სეგმენტის მონაწილეობით, რომელიც დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან, ასევე იმ უკმაყოფილო პოლიტიკური პარტიების ჩართვით, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მიღმა დარჩნენ და თავს პროცესიდან გარიყულად გრძნობენ. მედიითა და სოცქსელებით დაიწყება საკონსტიტუციო კომისიისადმი ნდობის შერყევის კამპანია და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს მუდმივი თავის მართლება, რომ ის არ ესწრაფვის კონსტიტუციის მორგებას პარტიულ ინტერესებზე.
ხოლო თუ კონსტიტუციაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი განხილვის მოსაზრებები არ დაემთხვა საკონსტიტუციო კომისიის მოსაზრებებს, კონსტიტუციის გადასინჯვა შესაძლოა მორიგ გაჭიანურებულ დებატებსა და პოლიტიკურ კინკლაობაში ჩაიძიროს. უფრო მეტიც, კონსტიტუციის გადასინჯვა შესაძლოა უფრო ფართო პოლიტიკური დაპირისპირების კატალიზატორიც გახდეს.
ზაალ ანჯაფარიძე