ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულ ოჯახში საახალწლო ნაძვის ხე ირთვება - ეს დღეს მთელი მსოფლიოსთვის ულამაზესი ტრადიციაა და მას თავისი ისტორია აქვს.
ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. კერძოდ, XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა (გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. თავისი რეფორმისტული იდეების გამო, კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი) შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.
ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს.
ახლა, საახალწლო ნაძვის ხე ყველა ოჯახში ირთვება. ამერიკასა და ევროპაში ამ ცერემონიალს ცოტა ადრე, კათოლიკური შობის დადგომამდე მიმართავენ. დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა. 1916 წელს, რუსეთში, წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ დღევანდელ ეპოქაში, ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია.
წლების განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტები და იმ ტრადიციის გამო, რომლის თანახმადაც ყოველ წელს ახალი სათამაშო უნდა შეემატოს ნაძვის ხეს, ძველი სათამაშოები დავიწყებას მიეცა. ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, ნაძვის ხეზე თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შუშის და ფაიფურის ფიგურები შვა.
ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, მსოფლიოში მილიონობით ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, მაღაზიები, სასტუმროები და მუზეუმები წლიდან წლამდე, სადღესასწაულო ნაძვის ხეებს სიმდიდრეს და ორიგინალურობას მატებენ, - თანაც ისე, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი მილიონობით დოლარს აღემატება.
გასულ წელს ,,ბლუმბერგმა“ იმ ნაძვის ხეების სია შეადგინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს, მათი უმეტესობა ხელოვნების ნიმუშებად არის აღიარებული.
ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში განთავსებული სადღესასწაულო ნაძვის ხე 20 ფუტის სიმაღალის იყო დაფასდაუდებელი ისტორიული ნივთებით მორთეს, მათ შორის მე-18-ე საუკუნის დროინდელი სათამაშო ანგელოზებით. ლონდონში ნაძვის ხეზე ვერცხლისა და ოქროს 100 ქოლგა განათავსეს. მის მორთვაზე „ბარბერის" დიზაინერმა იზრუნა. სან-დიეგოში მდებარე სასტუმროს "del Coronado"-ს სასტუმროს მთავარი ნაძვის ხის სიმაღლემ 21 ფუტი შეადგინა. ორიგინალურობით გამოირჩეოდა ლონდონში "Victoria & Albert"-ის მუზეუმში განთავსებული 35 ფუტი სიმაღლის ნაძვის ხე. "ელვა ხე“ უწოდეს პარიზში დადგმულ ნაძვის ხეს, რომელიც ოთხი დამოუკიდებელი სკულპტურისგან შედგებოდა.
რაც შეეხება საქართველოს, შემორჩენილი ცნობების მიხედვით, ჩვენთან, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.
,,ქართულ ნაძვის ხედ“ ცნობილი ჩიჩილაკი, წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც"ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს"უწოდებდნენ. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება დიდი წმინდანის მიმართ.
კალანდა ანუ იგივე კალანდრა, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალ წელიწადს ნიშნავს. გურულები ჩიჩილაკს კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით ამშვენებდნენ. მას თხილის ნედლი შტოდან თლიდნენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. დღეს, სააქრთველოს ყველა რეგიონში, ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან ერთად, ბარაქის სიმბოლოდ ჩიჩილაკიც გამოიყენება.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ადამიანები ღიმილით შეეგებონ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.