ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ახალი პარტიის დასაფინანსებლად ფულის შეგროვებას იწყებს, რუსი დეპუტატები ხუმრობის გუნებაზე დააყენა. განსაკუთრებით, ისინი სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილმა გაახალისა, სადაც ექსგუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პოლიტიკური ძალა ზესახელმწიფოდ აქცევს. ერთ-ერთი პირველი, ვინც სააკაშვილის ფეისბუკ-მოწოდებას გამოეხმაურა, დუმის დსთ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი იყო.
„თუ მისი ცხოვრების გზას გადავხედავთ, მიხვდებით, რომ მისი ერთადერთი მიზანი ფულის გროვებაა. როგორც ჩანს, მას ფულები შემოაკლდა. ამერიკელები აღარ ეხმარებიან, ცოლთანაც ვეღარ აქვს საქმე კარგად. ამიტომ, კაპიკ-კაპიკ დაიწყო ფულის შეგროვება. შეიძლება ვინმემ მისცეს კიდეც უკრაინული ფული, თუმცა მას ფული არა უკრაინის ზესახელმწიფოდ ქცევისთვის, არამედ ნიუ იორკში ფუფუნებაში ცხოვრებისთვის სჭირდება,“-აღნიშნა კალაშნიკოვმა.