ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილებები შევიდა. ამიერიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 3 სავალდებულო საგანს _ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ დაემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეორგაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.
უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების მიერ არჩეული მეოთხე საგნების ჩამონათვალი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ზემოაღნიშნული ცვლილებები განხორციელდა "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის № 127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის № 928 ბრძანებით.