თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა პარლამენტიდან უკან გაიხმო კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ბრალდებული პირების დაუსჯელობას ითვალისწინებდა.
ხელისუფლების მიერ ინიციირებული პროექტის მიხედვით, არასრულწლოვანზე სექსუალ ძალადობაში ეჭვმიტანილ პირს დანაშაულს აპატიებდნენ, თუ ის მსხვერპლზე რელიგიური წესით დაქორწინდებოდა.
გასულ კვირას პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის წარდგენას საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ ახალი რეგულაციის მიღების შემდეგ ბავშვებზე ძალადობისა და არასრუწლოვნებზე ქორწინების რიცხვი გაიზრდება. გაერო-მ თურქეთის პარლამენტს მოუწოდა, კანონპროექტი არ დაამტკიცონ.