აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს ბათუმის საცხენოსნო კლუბი მოინახულა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. კლუბს დახურული მანეჟის მოწყობის და მცირე იპოდრომის მოწესრიგების პრობლემა აქვს, რასაც არსებული ტერიტორიის საკუთრებაში არქონის გამო დღემდე ვერ აგვარებდნენ. რეგიონის ხელმძღვანელმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად დეტალურად მოისმინა კლუბის ხელმძღვანელებისგან მომავალი გეგმებისა და იდეების შესახებ. ადგილზევე გადაწყდა კლუბისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხი, რის შემდეგაც საცხენოსნო კლუბის ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად გამართვის სამუშაოები დაიწყება.
ბათუმში საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა. დღეს უკვე კლუბს 10 ცხენი ჰყავს, მათ შორის 6 სპორტული. საცხენოსნო ბაზა აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
ამჟამად საცხენოსნო ბაზაზე მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, რაც ტერიტორიის შემოღობვას, საჯინიბოს რეკონსტრუქციას და სველი წერტილების მოწესრიგებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 36 999 ლარი დაჯდა. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი და ბიზნესგეგმა უკვე წარდგენილია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურში, რომელიც მოწონებულია და მუშაობა გაფორმებისთანავე დაიწყება.
„მოვინახულეთ საცხენოსნო კლუბი. ადგილზევე გადავწყვიტეთ რიგი პრობლემები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ბათუმის მერთან შეთანხმებით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება ჩვენი რეგიონისათვის, როგორც სპორტული ტურიზმის, ისე სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. არის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოთხოვნა ბავშვების სამკურნალოდ ჩამოსაყვანად. კლუბის წარმომადგენლებს აქვს ძალიან კარგი იდეები სამომავლოდ. ვფიქრობთ, ხელი უნდა შევუწოთ ამ დარგის განვითარებას, ჩვენ გვჭირდება ეს და აუცილებლად შევისწავლით ყველა არსებულ პრობლემას და გადავჭრით ისე, როგორც ეს კლუბის განვითარებას დასჭირდება.“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ კლუბის მონახულებისა და მისი პრობლემების გაცნობის შემდეგ.
ბათუმის საცხენოსნო კლუბის წარმომადგენელის ბექა ხაბაძის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს : "დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მთავრობის თავმჯდომარე დაგვპირდა დახმარებას და სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობას. დახურული მანეჟის არსებობის შემთხვევაში გაიზრდება მსურველები, ტურისტული დატვირთვა, სამკურნალო დანიშნულება და შემოსავლები. კლუბში მუშაობს ერთადერთი ლიცენზირებული სპეციალისი დას. საქართველოს რეგიონში, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებთან შესაბამის სამკურნალო კურსს ახორციელებს. აჭარაში ცხენოსნობის, როგორც სპორტის მძლავრ სახეობად ჩამოყალიბებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.“
2017 წელს აზერბაიჯანის საერთაშორისო დერბში, სადაც ათამდე ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოს სახელით მხოლოდ ბათუმის საცხენოსნო კლუბის ცხენოსანი იასპარეზებს.