ფილიპინების დედაქალაქში შეერთებული შტატების საელჩოსთან მომხდარი ინციდენტისას სამი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა ძალის გამოყენებით სცადა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. პოლიციის ერთი მანქანა პირდაპირ ხალხის მასაში შეიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დემონსტრანტმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ათასამდე დემონსტრანტი ორი წლის წინ გაფორმებულ სამხედრო პაქტს აპროტესტებდა, რომლის საფუძველზეც ფილიპინების სამხედრო ბაზებზე ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა გაიზარდა.