"ეროვნული ფორუმი" ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის გარდა ყველა ძირითად ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციებს გეგმავს. პარტიის ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, აუცილებელია, რომ ოპოზიციამ ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ამის შესახებ შარტავამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, "ეროვნული ფორუმის" ზურაბ ნოღაიდელისადმი დამოკიდებულება ცნობილია და მასთან არანაირი კონსულტაციები არ იგეგმება.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ოპოზიციისა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის გაერთიანებას სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის ბრძოლაში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გაყალბების მექანიზმების აღმოფხვრას, არამედ ტოტალური ტერორისა და რეპრესიის მანაქანის შეჩერებას. ეს კი უკეთ მოხერხდება, თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით. რაც შეეხება ნოღაიდელს, ჩვენი მისდამი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის ცნობილია და მასთან კონსულტაციები არ იგეგმება", - განაცხადა შარტავამ.