რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სტამბოლში ჩავა, სადაც რიგით 23-ე მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება, რომელთანაც ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ასევე გლობალურ და რეგიონულ საკითხებს განიხილავს. ასევე დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტის ხელმოწერაც.
ამას გარდა, კონგრესის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროსაც შეხვდება.
ეს თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტია თურქეთში. რუსეთის პრეზიდენტი უკანასკნელად თურქეთში 2015 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, რა დროსაც ანტალიაში “დიდი ოცეულის” შეხვედრაში მიიღო მონაწლეობა.