საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ექსპერტები, ჰერმან ჰაბერმანი და ვილემ დე ფრიიზი ეწვივნენ.
მსოფლიო ბანკის 280 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი გასულ თვეს დამტკიცდა და მიზნად ისახავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჭიროებების გამოვლენასა და ეროვნული სტატისტიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. პროექტი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: 1) არსებული მდგომარეობის დიაგნოსტირება (აჭარის რეგიონის ჩათვლით); 2) საჭიროებების დოკუმენტის შემუშავება; 3) სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა.
თავდაპირველად ექსპერტები საქსტატში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და გაეცნობიან საქსტატში არსებულ მდგომარეობას. იგეგმება მათი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკსა და UNDP-ის წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში ექსპერტების ვიზიტი საქართველოში რამდენჯერმე იგეგმება.
ექსპერტი ჰერმან ჰაბერმანი არის აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მთავარი სტატისტიკოსი, აშშ აღწერის ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე და გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.
პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე და მთლიანი ღირებულება შეადგენს 280 000 აშშ დოლარს.