ქართველი ჟურნალისტები მეტისმეტად ხშირად უწოდებენ პაატა ბურჭულაძეს „მსოფლიო ბანს“, რაც უკვე სასაცილო ხდება. „ბანი“ – „შავლეგოშია“, ან „ჰასანბეგურაში“. საოპერო ხელოვნებაში კი არანაირი „ბანი“ არ არსებობს: არის „ბასი“ და „ბარიტონი“.
პაატა ბურჭულაძე უდავოდ შედის მსოფლიო „ბასთა“ ხუთეულში რუჯერო რაიმონდისთან, მატი სალმინენთან, რენე პაპესთან და კონსტანტინე კვაჩთან ერთად. შალიაპინთან მისი გატოლება გადაჭარბებულია, თუმცა პატარა ქვეყნისთვის საამაყო ფიგურაა - მსოფლიოს (ძალიან პრესტიჟულ) საოპერო სცენაზე.
ამ ასპარეზზე სულ რამდენიმე ქვეყანა თუ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო „ზესახელმწიფოდ“. მათ შორის საქართველო. და ამაში პაატა ბურჭულაძის წვლილი ძალიან დიდია.
ბუნებრივია, ასეთი დამსახურების, ავტორიტეტის, შესაბამისად ამბიციის მოღვაწე საქართველოში ადრე თუ გვიან (უფრო შემოქმედებითი დაისისკენ) აუცილებლად მოინდომებდა ხსენებული დამსახურებისა და ქარიზმის კონვერტაციას ჯერ საზოგადოებრივ, შემდეგ კი პოლიტიკურ გავლენად. მაგრამ რა გამოუვიდა რეალურად? გამოუვიდა კომედია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება: პოლიტიკა ხელოვნება კია, მაგრამ ხელოვანთაგან, უმრავლეს შემთხვევაში მეტისმეტად შორსაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიწყოთ ხათუნა ლაგაზიძით და მასთან დაკავშირებული სკანდალით: რასაკვირველია, იგი სწორედ იმიტომ განუდგა ქართული პოლიტიკის „ბანს“, რომ სიაში არ ჩასვეს. განსხვავებით მერაბ მეტრეველისგან, ლაგაზიძე მხოლოდ ამ მიზეზით გაემიჯნა ბურჭულაძის პარტიას და არა იმიტომ, რომ ყოფილ „ნაციონალებთან“ ალიანსი მიუღებლად მიაჩნდა. ამას, უკვე მოგვიანებით მოჰყვა ბრალდებები „კრიმინალთან კავშირზე“, ქმრის სასტუმროში გატარებული ყოველი დღის ანაზღაურების მოთხოვნა და ა.შ.
აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ ხათუნა ლაგაზიძე არ აყენებს ეჭვქვეშ „გირჩისა“ და ვაშაძის პარტიათა ლიდერების ჩასმას სიის „ზედა“ ნაწილში. ასე რომ იქნებოდა, მაშინაც იცოდა, როცა ალიანსს გულმხურვალედ დაუჭირა მხარი. ლაგაზიძის აღშფოთება და სასტიკი განაწყენება იმან გამოიწვია, რომ ბურჭულაძემ თავისი პარტიის („სახელმწიფო-ხალხისთვის“) ქვოტით ამჯობინა მას „ვიღაც სხვები“. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იყვნენ „სხვები“ - ეს უკვე „სალაპარაკო მასალაა“ და მეტი არაფერი: ხათუნას მიაჩნდა, რომ იმ „სხვებზე“ მეტად იმსახურებდა სიაში ყოფნას და ამაში უდავოდ მართალია არა მორალური, არამედ ელემენტარული პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე.
ყოფილი თანამებრძოლის ბუნებრივ განრისხებას ბურჭულაძის „ახალი სახეები“ ასე პასუხობენ: „სიაში საქმის გამკეთებლები უნდა იყონ და არა მოლაპარაკეები, ჩვენ გვერჩივნა პარლამენტში ის ადამიანები ყოფილიყვნენ, ვისაც საქმის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ისინი, ვინც უკვე გაკეთებულზე აკეთებს კომენტარებს“.
ანუ, იგულისხმება, რომ ხათუნა ლაგაზიძეს მხოლოდ კომენტირება შეუძლია (მოვლენებისა თუ პროცესების) მაშინ როდესაც ისინი, ვინც პაატა ბურჭულაძემ მის ნაცვლად სიაში ჩასვა, „საქმის გამკეთებლები არიან“.
ეს რა სიგიჟეა საერთოდ? ამ სასაცილო არგუმენტის ავტორებს პოლიტიკური ცხოვრებისა და ტექნოლოგიის ანაბანა არ გაეგებათ; ანუ, ბევრად უხეში ჟარგონით თუ ვიტყვით „ინჩი-ბინჩი არ იციან“: რას ნიშნავს: „კომენტირება შეუძლია და არა საქმის კეთება“?! პოლიტიკური ხელოვნების არსი, პოლიტიკოსის მთავარი „საქმე“, მისი „პური“ სწორედ არტიკულაციის უნარია! პირველ რიგში ვერბალური არტიკულაციისა. ის, ვისაც ამგვარი უნარი არ გააჩნია, ან ამით არ არის ცნობილი, პოლიტიკოსი საერთოდ არაა და სწორედ მას არ ესაქმება არაფერი პარლამენტში.
რატომ მოიწვია ხათუნა ლაგაზიძე, თავის დროზე, პაატა ბურჭულაძემ, რათა იგი მისი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილიყო? სწორედ იგი რატომ აქცია თავისი პარტიის სახედ და არა ისინი, ვინც მას ახლა ამჯობინა? ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ცნობადობით (სხვა, ასე თუ ისე ცნობადი სახე, მერაბ მეტრეველის გარდა, მის პარტიაში არც იყო) და მეორე, სწორედაც აზრობრივი არტიკლაციის უნარით, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პოზიციის გამოხატვისა და დასაბუთების, აგრეთვე დისკუსიის უნარ-ჩვევით.
არგუმენტი, რომ „პარლამენტში მოლაპარაკეები კი არ გვჭირდება, - ვისაც მხოლოდ კომენტარის გაკეთება შეუძლია, - არამედ ისინი, ვინც საქმეს გააკეთებენ“, ძალიან ჰგავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი თავმჯდომარის, ბორის გრიზლოვის იდიოტურ გამონათქვამს: «Парламент - это не место для дискуссий!»
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: აქ იგულისხმებიან არა ჯაფარიძე თუ სხვა „გირჩელები“, მამუკა კაციტაძე ან ვაშაძე (ყველა, ყველა და ამათ არც ცნობადობა აკლიათ, არც ლაპარაკის უნარი), არამედ ისინი, ვინც ბურჭულაძემ უშუალოდ თავისი პარტიის ქვოტოთ ჩასვა სიაში.
ბურჭულაძე გვიმტკიცებს, რომ მართალია ხათუნა ლაგაზიძე მათზე ბევრად ცნობადი იყო, ლაპარაკიც იცოდა, კომენტარის გაკეთებაც და თავიდან ამიტომ დასჭირდა, მაგრამ როცა საქმე -საქმეზე, ესე იგი სიისა და მომავალი პარლამენტში წარმომადგენლობაზე მიდგა სამე, „ლაპარაკის უნარის“ მქონე ფიგურას ისინი ამჯობინა, ვისაც ამ მხრივ ბევრად ნაკლები უნარი აქვს, რაიმე განსაკუთრებული არტიკულაციის ნიჭითაც არ გამოირჩევიან (ლაგაზიძეს აშკარად ვერ შეედრებიან) მაგრამ, სამაგიეროდ, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, თურმე, რაღაც ისეთ „საქმეს“ გააკეთებენ, რაღაც იმდენად გენიალურ ეკონომიკურ პროგრამას „დადებენ“, ერჰარდსა და ლი ქუან იუს რომ შეშურდებოდა.
ასეთი კურიოზული არგუმენტი ხათუნა ლაგაზიძეს კი არა, თვით დედა ტერეზასაც გადაიყვანდა ჭკუიდან: „დეპუტატმა ლაპარაკი, კომენტარი და პოზიციის დასაბუთება კი არა საქმის კეთება უნდა იცოდესო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ეს კიდევ არაფერი: დავაკვირდეთ, რა მსოფლმხედველობის და სოციალ-ეკონომიკური პროგრამის „მატარებელი“ პერსონაჟები შემოიკრიბა პაატა ბურჭულაძემ.
თავდაპირველად, იგი პოზიციონირებდა „მესამე ძალად“, - როგორც „ნაციონალთა“ ასევე „ოცნების“ ალტერნატივად. სინამდვილეში რამდენად ნეიტრალური ან გულწრფელი იყო, სხვა საკითხია. ამას აქ დავანებოთ თავი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ხედვას, ასეთი რენომესა და თავდაპირველი რეიტინგის პოლიტიკოსი ხომ აუცილებლად უნდა ცდილიყო, გამიჯვნოდა რადიკალურ პოზიციებს როგორც „მარჯვნივ“, ასევე „მარცხნივ“?!
რეალურად, კიდევ უფრო დიდი კომედია დაიდგა: პაატა ბურჭულაძე, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში განასახიერებდა სოციალური ჰუმანიზმის, სოციალური თანალმობის იდეას, პოლიტიკური ალიანსს აფორმებს ლიბერტარიანელებთან, - „სოციალური დარვინიზმის“ ადეპტებთან, რომელთა ფილოსოფია ისაა, რომ „ცხოვრება ჯუნგლებია“, ძლიერმა უნდა შეჭამოს სუსტი და „ახია სუსტზე“; და რომ „თუ ჯანმრთელი ადამიანი ღარიბია, ეს მხოლოდ მისი ბრალია“; რომ სახელმწიფო არაფერში უნდა ჩაერიოს, - მარტოოდენ გზები დააგოს, მართლწესრიგი უზრუნველყოს, ყველაფერი დანარჩენი კი „ჯუნგლების კანონით“ გადაწყდეს; ანუ (ვიმეორებ) „ძლიერმაშეჭამოს სუსტი“ – „ზელიბერალური“ კანონმდებლობით ადამიანთა სახლებიდან გამოყრით, $60 000 ღირებული ბინის 5 000 დოლარად გაყიდვით საბანკო კრედიტის ერთი თვით დაგვიანებისთვის და ა.შ. და ა.შ.
სწორედ იმ უბედური ადამიანებისა, ვისთვისაც, პაატა ბურჭულაძე, მისი მართლა ღვთისნიერი მეცენატობის და საზოგადოებრივი მოღვაწეობისას, ყიდულობდა ბინებს.
სინგაპურისა არ ვიცი და საქართველოში, ამ ყბადაღებული „ლიბერტარიანობით“, სწორედ იმ არსებებმა იხეირეს ჯერ-ჯერობით, „ჩასაფრებულები“ რომ ელოდებიან მორიგ მსხვერპლს „საფინანსო ბაზარზე“.
რასაკვირველია, ზემოთთქმული „მემარჯვენეთა“ პოზიციის უტრირებაა: ამ იდეოლოგიას (მათ შორის მის უკიდურესად ექსტრემისტულ და კათმოძულე, ანუ ე.წ. „ლიბერტარიანულ“ მიმართულებას) აქვს არსებობის უფლება. არსებობს კიდეც, საკუთარი არგუმენტებიც გააჩნია - მოგვწონს ჩვენ ისინი თუ არა.
მაგრამ ერთის მხრივ „მახათას მთის ტაძარი“, „მე მინდა მქონდეს თბილი სახლიიიიი“, სოციალური თანალმობა და სოციალური ჰუმანიზმის კეთილშობილი, ღრმად ქრისტიანული იდეა, ხოლო მეორეს მხრივ (იქვე) თვალებაპრიალებული ლიბერტარიანელები, „სოციალური ჯუნგლები“ . . . . . . . . . . . ცოტა არ იყოს კომიკური არაა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე სასაცილო კი ის იქნება, თუ ბურჭულაძის პარტიამ, რომელმაც ასე „ხმამაღლა“ დაიწყო, 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. თუ ასე მოხდა, ამის მთავარი მიზეზი მაინც არა სიაში „ლიბერტარიანელთა“ ყოფნა, არამედ ეს ხმაურიანი სკანდალი გახდება.
რაც შეეხება ხათუნა ლაგაზიძეს, პარტიის თავდაპირველ რეიტინგში მას იმაზე შეუდარებლად ნაკლები წვლილი ჰქონდა, ვიდრე „მსოფლიო ბანს“, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმათზე მეტი, ვინც ბურჭულაძემ მის ნაცვლად ჩასვა სიაში, როგორც „საქმის გამკეთებლები“.
რისი გამკეთებლები არიან, ესეც სულ მალე გამოჩნდება. ბევრი გვინახავს ბოლო 30 წლის განმავლობაში.
მიხეილ გეწაძე