ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბითYზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
არჩევნების წინასწარ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ დილისთვის გამოაქვეყნებს, საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებისთვის კი მას კანონით მინიჭებული 10-დღიანი ვადა აქვს.
რაც შეეხება ეგზიტპოლების შედეგებს, ის დღესვე გახდება ცნობილი. კომპანია GფK-ი მის მიერ ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგებს უახლოეს საათებში გაახმოვანებს.
თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. სულ საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზე 3 694 საარჩევნო უბანი გაიხსნა, თუმცა რამდენიმე მათგანზე კენჭისყრის პროცედურების დარღვევის გამო ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა. კონკრეტულად რამდენ უბანზე შეწყდა კენჭისყრა, ეს ცესკოში, რამდენიმე წუთში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლებმა მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. აღნიშნულის გარდა, არჩევნები ჩატარდა საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატების გამოსავლენ.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი, საკრებულოს არჩევნებში კი 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა.
თბილისის მერად გახდომისთვის კანდიდატმა ხმათა მინიმუმ 30 % უნდა მიიღოს.