"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" რუსთავის 87-ე სპეცუბანში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა ალექსანდრე აბაშიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიუხედავად, 87-ე სპეცუბანზე ამომრჩეველმა პროპორციულ სისტემასთან ერთად მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
"ამასთან დაკავშირებით უახლოეს საათებში რუსთავის #20 საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივარს შევიტანთ. შემდეგ კი სარჩელით აღნიშნულ უბანზე მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის 87-ე სპეცუბანი #2 კოლონიაშია განთავსებული. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, დადგენილების მიხედვით, სპეცუბნებზე არჩევნები მხოლოდ პროპორციული სიით უნდა ჩატარებულიყო.