თბილისის სხვადასხვა საუბნო და საოლქო კომისიაში კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ამ დროისთვის სულ 127 საჩივარია შესული, მათგან 24 "ახალმა თაობა ახალმა ინიციატივამ" წარადგინა. ამის შესახებ "ახალი თაობა ახალი ინიციატივის" თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანმა მორიგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ორგანიზაციის მიერ მომზადებული საჩივრები ძირითადად იმ კატეგორიის ამომრჩევლებს უკავშირდება, რომელთაც სტატუსში მითითებული ჰქონდათ, რომ ისინი უცხოეთში იმყოფებოდნენ.
"სინამდვილეში, დღეს ასეთი სტატუსის მქონე რამდენიმე ათასი მოქალაქე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, თუმცა, კანონის შესაბამისას, მათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ", - განაცხადა დევდარიანმა.
"ახალი თაობა ახალი ინიციატივის" თავმჯდომარის თქმით, გარკვეული პრობლემები შექმნა გადასატანმა ყუთებმაც, თუმცა საერთო ჯამში, არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურობას, ორგანიზაციის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის არჩევანი ამომრჩეველთა 40 %-ზე მეტმა დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება. ამის გარდა, ორგანიზაციის წარმომადგებლები ხმების პარალელურ რეჟიმში დათვლასაც ახორციელებენ.
ორგანიზაცია თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატებისა და პარტიების შესახებ პირველად მონაცემებს დღესვე, 22:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.