ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტეინის შეფასებით, არ არსებობს თავშეკავების საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სტუმარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის დეტალების დაზუსტება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც მხროლოდ საქართველოს არ ეხება.
ფლეკენშტეინის განმარტებით, არსებობდა განსხვავებული მიდგომები გერმანიის სააგრეო საქმეთა და შს სამინისტროებს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა გერმანიის მთავრობის პასუხია, „ამის გაკეთება შესაძლებელია“.
„ხვალ ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ევროკავშირმაც შეასრულოს დანაპირები. ძალიან კარგია, რომ „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზალიბელარიზაციისთვის და ახლა დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო სტრასბურგში, პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზალიბელიზაციას. ახლა სინამდვილეში ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დავობენ იმაზე, ვის უნდა ჰქონდეს ბოლო სიტყვის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი იქნება. მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისგან და საგარეო საქმეთა მინისტრისგან, როგორ იბრძვიან ამ ბოლო შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე მივიღო უვიზოდ ჩემს მშობლიურ ჰამბურგში”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა.