ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, პოლონეთში სარაკეტო სისტემის "პეტრიოტის" განთავსების გამო ვარშავას და მოსკოვს შორის ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.
"პოლონეთს რუსეთთან ურთიერთობის მწარე ისტორია და გამოცდილება აქვს და პოლონელები პრორუსულ მიმართულებას ასე მარტივად ვერ აირჩევენ. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს მიერ პოლონეთში სარაკეტო სისტემების განთავსება ვარშავასა და მოსკოვს შორის ვითარებას უფრო მეტად გაართულებს, ვიდრე რაიმე ახალი ფურცელი გადაიშლება. მითუმეტეს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის სმოლენსკში ტრაგიკულად დაღუპვის კუთხით გამოძიებაში ნათელი წერტილი არ ჩანს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენსთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, აშშ თავის უსაფრთხოების პოლიტიკას არ ცვლიან, მიუხედავად იმის, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის ფორმები ჩამოყალიბდა და ამერიკა ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ გარკვეულ დათმობაზე წავიდა.
"აშშ აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობას გააგრძელებს, რათა ამ ქვეყნებთან მიმართებაში არსებული საფრთხეები შეამციროს. ანტისარაკეტო სისტემებს შეუძლიათ იგივე სარაკეტო თავდასხმები ირანის მხრიდანაც აღკვეთონ, ამიტომ გარკვეული პაუზა შემდეგ აშშ თავის პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებას შეეხება. ამასთან, რუსეთის რეაქცია ისეთივე მწვევ იყო, როგორც ეს ადრე იყო. შეიძლება რუსეთი დაიმუქროს კალანინგრადის ოლქში, რომელიც შუა ევროპაშია შეჭრილი შეიარაღებულ ძალების განთავსებით, თუმცა ეს სტრატეგიული თვალსაზრისით არაეფექტური იქნება, რადგან მათი განადგურება ადვილი იქნება, ისე რომ რუსეთი მათ სათანადო დახმარებასაც ვერ აღმოუჩენს", - აღნიშნა სესიაშვილმა.
ამასთან, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, პოლონეთში სარაკეტო სისტემების განთავსებას შეიძლება რუსეთსა და ამერიკას შორის "გადატვირთვის პოლიტიკა" გადაჰყვეს. თუმცა, აშშ მოსკოვს კვლავ ორმაგ თამაშს შესთავაზებს და შესაძლოა დღის წესრიგში ამერიკა-რუსეთი-ნატოს შორის ახალ უსაფრთხოების კონცეფციაზე შეთანხმება დადგეს, რომელიც ანტისარაკეტო სისტემების ერთობლივ უზრუნველყოფას გულისხმობს.