საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ეს განცხადება გაზეთ "ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბარში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რუსეთში ფერნანდო ვალენსუელამ გააკეთა.
"ეს თითქმის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. ხილულ მომავალში საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება", _ აცხადებს ვალენსუელა.
მისი თქმით, ევროკავშირს უკვე ჰყავს სახელმწიფო კანდიდატები _ "რომელთანაც რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. არის ასევე კანდიდატის სტატუსის არმქონე რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც მაინც არიან ამ გაფართოების პროცესში ჩართულები - ეს ბალკანეთია", _ აცხადებს ვალენსუელა.
ამასთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის "ჯერ ჯერობით რჩება სერიოზული განსხვავებული შეხედულებები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებაში".
აქ კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა გამოიყო ორი ასპექტი _ პირველი - ჩვენ ვისწავლეთ ამ საკითხებზე მუშაობა ისე, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალებულიყო. და მეორე - ჟენევის პროცესმა შეიძლება გარკვეული შედეგები მოიტანოს უახლოეს მომავალში", _ აცხადებს ვალენსუელა და დასძენს, რომ ასეთი მოლაპარაკებები ყოველთვის ნელა მიმდინარეობს და მისგან ჩვენ საოცრებებს არ ველით.