რესპოდენტის შესახებ
“ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს დიპლომატთა კლუბის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ უპასუხა
მოგესალმებით, ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენები უჩვეულოდ დაემთხვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს „მოსაზრებას“, რომლის მიხედვითაც მან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში სირიის სცენარის განმეორება არ გამორიცხა. ასე ადვილად პროგნოზირებადი იყო მოვლენები თუ შოიგუ ფლობდა დიდ ინფორმაციას?
ვინც სირიის და იქ გაჩარებული კონფლიქტის სპეციფიკასა და პრეისტორიას იცნობს, მისთვის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გაუგებარია შოიგუს განცხადება იმის შესახებ, რომ ამგვარი კრიზისი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განმეორდეს. სირიის საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობდა ღრმა განხეთქილება კონფესიურ და კლანურ ნიადაგზე, რომელიც უაღრესად ფეთქებადსაშიშ მუხტს შეიცავდა საკუთარ თავში და კავდებოდა ასადების სამხედრო-დიქტატორული რეჟიმის მეშვეობით. როგორ შეიძლება ეს სიტუაცია მივუსადაგოთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას? თუმცა, შემდგომში შოიგუ უფრო კონკრეტდება და აქცენტი უკვე პოსტსაბჭოურ სივრცეზე გადააქვს და პოტენციურად კრიზისულ რეგიონებად განსაკუთრებულად ცენტრალურ აზიასა და კავკასიას მოიხსენიებს. ბოლო დროს რუსეთის მესვეურები უკვე დიდად არ იწუხებენ თავს თავიანთი უკიდურესად აგრესიული საგარეო პოლიტიკის შენიღბვით და შოიგუც თავის განცხადებაში ღიად მიუთითებს თუ რატომ ახსენა მან ამ სახელმწიფოებში კრიზისის საფრთხე. ის აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი ადეკვატური რეაგირების უფლებას იტოვებს. შოიგუს განცხადება პრაქტიკულად იკითხება როგორც ერთგვარი უხამსი ულტიმატუმი და ბინძური გარიგების შეთავაზება დასავლეთისთვის: თუ გინდათ, რომ რუსეთი კონსტრუქციული იყოს სირიაში და, უფრო მეტიც, დასავლეთის მიმართ ტერორისტული საფრთხე შემცირდეს, რუსეთს უნდა მიეცეს მოქმედების თავისუფლება პოსტსაბჭოურ სივრცეში, პრიორიტეტული რეგიონების მითითებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის შესაძლო საბაბი, რომელზეც ამ მოქმედებებისთვის შოიგუ მიუთითებს - სირიის ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი. აქედან მარტივი დასკვნა გამოდის: თუ ამ რეგიონებში არსებობს კრიზისის საფრთხე, ის პირველ რიგში რუსეთიდან მომდინარეობს და ეს კრიზისი ან კრიზისები იმისთვის უნდა გაღვივდეს, რომ რუსეთს სამხედრო ჩარევის საშუალება მიეცეს. ამ უკიდურესად აგრესიულ განცხადებასთან შესაბამისობაში მოდის ის უპრეცედენტო სამხედრო მზადებაც, რომელიც რუსეთში 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
რუსეთის მიერ ერდოღანისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ გაკეთებული განცხადება, მაშინ, როდესაც ამის რეალური აუცილებლობა- მოთხოვნა არ იდგა, ხომ არ იყო იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვმა ანკარას დაანახა ჩვენ არაფერ შუაში ვართო. თუმცა, საკმაოდ ბევრმა ანალიტიკოსმა გაიშვირა ხელი მოსკოვისკენ. რამდენად არის შესაძლებელი ამ ყველაფერში რუსეთის მონაწილეობა?
თურქეთში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის შესაძლო როლის შესახებ ახლა ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ჟღედრება და ამ ყველაფერში ერთგვარი პოლიტიკური თამაშიც იგრძნობა. ზუსტი დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ძნელია. ხოლო, რაც შეეხება ერდოღანისთვის თავშესაფარის შეთავაზებას, ვფიქრობ, უბრალოდ, პუტინმა კიდევ ერთხელ არ გაუშვა ხელიდან მორიგი შესაძლებლობა დაემცირებინა თურქეთის ლიდერი, რომლის მიმართ წყენა, როგორც სჩანს, ჯერაც არ განელებია.
ანკარასა და ვაშინგტონს შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ნატოს ბლოკის წევრი ორი საკმაოდ გავლენიანი ქვეყნის დაპირსპირებამ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
ეს ძალზედ არასასიამოვნო პროცესია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე ქვეყანას ეყოფა სიბრძნე იმისათვის, რომ რეგიონისათვის და მსოფლიოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მათი სტრატეგიული თანამშრომლობა არ დაკარგონ, თუმცა, რა თქმა უნდა, მას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ერდოღანი ვალდებულია გაიგოს, რომ მეტად პრობლემურ მდგომარეობაში მყოფი თურქეთისთვის გაცილებით უფრო სწორია პროგნოზირებად და ტრადიციულ მოკავშირეებთან თანამშრომლობის შენარჩუნება, ვიდრე მარტო ყოფნა ან სულაც რუსეთის მაგვარ „გადამგდებ“ „პარტნიორებთან“ ფლირტი. ცხადია, დასავლეთმაც და აშშ-მ შესაბამისი მოთმინება და პოლიტიკური სიბრძნე უნდა გამოიჩინონ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ახლა თურქეთში მიმდინარეობს.
ამ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ერდორანმა ერთი ხელის მოსმით მიაყენა საკმაოდ დიდი დარტყმა ჯარს, მიმოხილველები აცხადებდნენ, რომ ჯარი უკვე ვეღარ იქნებოდა სახელმწიფოში სეკულარიზმის გარანტი. არის მინიშნებები, რომ ეს ამბოხი თავად ერდორანის ინსპირირებული იყო. რეალურად რასთან გვაქვს საქმე და ვის ინტერესებში იყო თურქეთში განვითარებული მოვლენები?
ინსპირირებულობაზე ეჭვი გააჩინა იმან, რომ პუტჩიდან მეორე დღესვე მოხდა რამდენიმე ათასი ადამიანის დაპატიმრება და სამხედრო ამბოხის ფონზე რატომღაც მოხდა მოსამართლეების მასობრივი დათხოვნა თანამდებობებიდან; ასევე იმან, რომ ამბოხი შეიარაღებული ძალების შედარებით დაბალი ეშელონების მიერ იყო წარმართული და საკმაოდ ცუდად ორგანიზებული. მკაფიო დასკვნის გამოტანა ძნელია, რადგან ასეთი დასკვნისთვის ასევე მკაფიო ფაქტებია საჭირო.
ისევ დავუბრუნდეთ შოიგუს განცხადებას და ამ კონტექსტში საინტერესოა - რამდენად არის შესაძლებელი სირია მივიღოთ საქართველოშიც. წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და პოლიტიკური დაპირისპირება ღირებულებებს შორის ქვეყანაში აშკარაა ?
ჩვენი რეგიონის მიმართ შოიგუმ აშკარა მუქარა გააჟღერა. საფრთხე, ცხადია, არსებობს. ამ ფონზე არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სამომავლოდ კი საქართველოსთვის უბრალოდ აუცილებელია თავისი უსაფრთხოების სტრუქტურების ფუნდამენტური გარდაქმნა და გაძლიერება და, რაც მთავარაია, სამოქალაქო მშვიდობის მყარად დამკვიდრება, რის გარეშეც ჩვენი უსფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.
როგორ ფიქრობთ რამდენად ადეკვატურია დასავლეთი საფრთხეების მიმართ ჩვენს რეგიონში. გასაგებია რომ ევროპას უჭირს სახლშიც. ისიც თვალშისაცემია რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გასცდა დიპლომატიური ფლირტის ჩარჩოებს მოსკოვთან. ამავე დროს ჩვენ საკმაოდ ბუნდოვანი - მხოლოდ პროტოკოლური - ინფორმაცია გვაქვს კერის ვიზიტთან დაკავშირებით კრემლში. ანუ რა პროგნოზების გაკეთება არის შესაძლებელი დასავლეთის მოქმედებებთან დაკავშირებით რეგიონში, ვითარების სტაბილიზაციასთან დაკავშირებით?
ის პრობლემები, რომლებიც ევროპის სახელმწიფოებში მიიღეს, მნიშვნელოვანწილად მათივე წინდაუხედავი და გაუბედავი პოლიტიკის შედეგია. გარკვეული გამოფხიზლება დასავლეთში იგრძნობა და ეს თუნდაც ვარშავის ნატოს სამიტის დოკუმენტებში გამოიხატა, მაგრამ, ვშიშობ, მაინც, დღევანდელი მიდგომები პრობლემების სიმძიმის ადეკვატური მაინც არ არის. გარკვეულ გამოცოცხლებას, ალბათ, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების მერე უნდა ველოდოთ, მაგრამ მანამდეც შეიძლება პრობლემები გამწვავდეს. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, რა თქმა უნდა, დასავლეთის მეტი ჩართულობა ძალზედ სასარგებლო იქნებოდა.
ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობით და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარებით შესაძლოა, ისარგებლოს საქართველომ. გამოიწვევს თუ არა ეს ანკარის გაღიზიანებას? და ზოგადად, რა არის მაქსიმუმი რაც შესაძლებელია მივიღოთ არსებული მდგომარეობიდან?
კარგი იქნება თუ სახიფათო ფანტაზიებს არ ავყვებით. პირველ რიგში მაინც ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის მოხსნას ვისურვებდი. იმას კი, რაზეც თქვენს მიერ ნახსენები ექსპერტები მაინიშნებენ, გაცილებით უფრო სერიოზული და ფრთხილი საუბარი სჭირდება და მხოლოდ იმ პირობებში, თუ შესაბამისი აუცილებლობა და შესაძლებლობა რეალურად და ობიექტურად გამოიკვეთა.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა