საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის ახალი წევრები - თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე - წარადგინა:
პრემიერის განცხადებით, ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება.
"დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას.
მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში.
ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს.
მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს! და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.