ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს ოკუპირებულის სტატუსი არ მიენიჭა, შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გართულდეს.
"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთმა იმ ქვეყნებზე თავის ზემოქმედება მოახდინა, რომლებიც რეზოლუციას ამ ნაწილის ასეთ ფორმულირებას მხარს უჭერდნენ. როგორც ჩანს, ჩვენმა დიპლომატიამაც სათანადოდ ვერ იმუშავა, რომ ჩვენი რეალური პრობლემა დაეფიქსირებინა. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ რეზოლუციის პირველ პროექტში დაფიქსირებული ტერმინები შეიცვალა და ეს შეიძლება გარკვეულწილად იმის ბიძგი იყოს, რომ სხვაგან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღარ დაფიქსირდეს, რაც სერიოზული დილემის წინაშე გვაყენებს", - განაცხადა ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არც ტალიავინის კომისიისა და არც ევროკავშირის ასამბლეის დასკვნაში არ დაფიქსირებულა, რაც გარკვეულწილად ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა დასავლეთმა ამ ტერიტორიების გარკვეული სამართლებრივი ფორმის მოძებნაზე დაიწყოს მსჯელობა.
"თუ ამ ტენდენციით წავედით და ვერ შევძელით დავაფიქსირებთ, რომ ეს იყო ოკუპაცია, მაშინ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. რუსეთი, ფაქტობრივად, გვერდზე რჩება და ყველა, კონფლიქტი რაც რუსეთ-საქართველოს შორის იყო, შეუძლია აფხაზებსა და ოსებს გადააბრალოს. კრემლს შეუძლია თქვას, რომ მას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ქართველებს ოსები და აფხაზები დაელაპარაკებიან, თუმცა კარგად ვიცით, რომ მათ ოფიციალური მოსკოვი იმ პრინცებზე შეთანხმების უფლებასაც კი არ მისცემს, რომელიც ყველას ინტერესებში შედის გარდა რუსეთისა", - განაცხადა სესიაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, საკმარის იყო იქ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაფიქსირებულიყო, რომ გაეროს წესდების თანახმად, ქართულ მხარეს დეოკუპაციის საკითხი დაყენების საშუალება ეძლეოდა.
"გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს გადაგამს და საკითხს უფრო მკაცრად და პრინციპულად დააყენებს. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით", - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგინი "ოკუპირებულ ტერიტორიებად" ჩაიწერა, თუმცა მოგვიანებით ოკუპაციის შესახებ ტერმინი "სეპარატისტული რეგიონებით" ჩანაცვლდა.