პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციიდან სიტყვა "ოკუპირებულის" ამოღებას ქართული დიპლომატიის დამარცხებად არ მიიჩნევს.
"როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა, მათ შორის არა მხოლოდ რუსულმა, ხელი შეუშალეს იმას, რომ ამ რეზოლუციაში აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში დაფიქსირებული ყოფილიყო ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები". მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ქართული დიპლომატიის დამარცხება, რადგან დოკუმენტში რჩება მოწოდება რუსეთისადმი, დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთს ევროპაში "პარადი მიჰყავს". მართალია, ზოგიერთი სახელმწიფოს ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეზე გავლენა აქვს და გარკვეული დაპირებებით ახერხებს მათ გადმობირებას, მაგრამ "პარადი რომ მიჰყავდეს", მაშინ ევროპა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებდა. ეს კი არ ხდება. ევროპა თავის პოზიციებს ინარჩუნებს", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება იმას, რამდენად მოახდენს რეზოლუციიდან სიტყვა "ოკუპირებულის" ამოღება დეოკუპაციის პროცესზე უარყოფით გავლენას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს მოსალოდნელი არ არის, თუკი ევროკავშირი და მთლიანად დასავლეთი რუსეთზე თუნდაც დიპლომატიურ ზეწოლას გააძლიერებს.
"დიპლომატიურ ზეწოლას ისიც რომ დაემატოს, რომ ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე ნაკლებდამოკიდებული გახდეს, მოსკოვი შეიძლება უფრო დამთმობი გახდეს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია", - განმარტა ჩიტაძემ.