მიმდინარე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, წელს ვითარება თითქმის ყველა სექტორში გაუმჯობესდა, მაგრამ 2007-08 წლების მაჩვენებლამდე ჯერ ახლოს არ ვართ.
"ყველა სექტორში სხვადასხვა ვითარებაა. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი რომ საქართველოში მთლიანად ბიზნესი ჰყვავის ან პრობლემები არა აქვს. თუმცა, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ საიდან მოდის ის. ხშირად, ეს პრობლემები მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხებს არ უკავშირდება. იგი ზოგადად მსოლფიო ეკონომიკური კრიზისიდან მოდის", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისი შეფასებით, დღესდღეობით, მსოფლიოში კომპანიებს ძალიან უჭირთ დამატებითი თანხების მოზიდვა, ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც საქართველოა.
"თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტენდენციები, რომლებიც ქვეყანაში ფიქსირდება ნორმალურია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება მსოფლიოს სხავადასხვა ბაზრებზე. რამდენად განხორციელდება საქართველოში ინვესტიციები,", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისი თქმით, საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ერთმა სერიოზული ოდენობის ინვესტიციამაც კი, შესაძლოა, ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალოს.
"ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანობაში 1-2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციაზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია მხოლოდ ერთმა კომპანიამ შეიძლება განახორციელოს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რა მოხდება დასავლურ ბაზრებზე. მთავრობა ცდილობს დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ბაზრებზე მუშაობს. წესით, ამან შედეგი უნდა იქონიოს", - განაცხადა ჭირაქაძემ.