ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი ტყის მჭრელების გათავისუფლებას მიესალმება.
"მოხარული ვართ, რომ დაკავების გარემოებები გარკვეულია და ამ ადამიანებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებსა და სამუშაოს. საქართველოს, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ევროკავშირის დამკვირვებლებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტი აღმოჩნდა მოცემული შემთხვევის სწრაფი მოგვარებისთვის", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მსგავს შემთხვევებთან მიმართებაში მოქნილობა გამოიჩინონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული გამყოფის თავისებურება და ტრადიციულად მჭიდრო კავშირები ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, სავარაუდოდ, კვლავ გამოიწვევს შემთხვევით გზის აბნევას, განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში.
სოფელ გრემისხევიდან გატაცებული 16 ქართველი საკუთარ ოჯახებში იმყოფება. ისინი დეტალურად იხსენებენ ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებს. მათივე განცხადებით, იზოლატორში ლამისყანიდან გატაცებული ქართველებიც ნახეს.
საქართველოს 16 მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა 25 ოქტომბერს დააკავეს და ჯერ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდა.