საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარლ ბილდტს შეხვდა.
შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც სააკაშვილმა და ბილდტმა ევროატლანტიკურ საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
"დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ბათუმი ძალიან მომხიბვლელ ქალაქად იქცა. ბათუმში ნამყოფი ვარ, თუმცა, ის ახლა ძალიან სწრაფად ვითარდება და მიმაჩნია, რომ ბათუმს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს~, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კარლ ბილდტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავის ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძესაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისში მალე შვედეთის სამეფოს საელჩო გაიხსნება.
დღეს კარლ ბილდტი პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს შეხვდება.