„ევროვიზიის" კონკურსში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით სტოკჰოლმში „ქართული საღამო" გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი მესხელმა და საზოგადოების თავმჯდომარემ სვენ ჰოლმსტრომმა და სტუმრებს 2016 წლის „ევროვიზიის" კონკურსის მონაწილე ქართველი მუსიკოსები -ჯგუფი ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz გააცნეს.
ქართულმა ბენდმა საღამოზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა, მათ შორის „Midnight Gold", რომლითაც ჯგუფი ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება.
საზოგადოების თავმჯდომარემ, სვენ ჰოლმსტრომმა ქართველ მუსიკოსებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს საელჩოს მიერ, კულტურის სახლ „Kulturfyren"-ში, გამართულ ქართულ საღამოზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, უცხოელი ჟურნალისტები და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.