საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. საქართველოსათვის კიდევ ერთი მხარდამჭერი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა, მოსკოვში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, გამოცემა "რუსკი ნიუსვიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მილიბენდის თქმით, ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის საბაზისო ღირებულებებს იზიარებენ და ალიანსის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება დაეხმაროს საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში ძალაში რჩება.
"ნატო აქტიურად მუშაობს ორივე კანდიდატ ქვეყანასთან, სახელმწიფო პროგრამებზე და პოლიტიკურ რეფორმებზე. ამაში რუსეთისთვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ",_ აცხადებს მილიბენდი და აღნიშნავს, რომ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნამ ბრიტანეთის პოზიციაზე აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით გავლენა არ იქონია.
"ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ დაუშვა შეცდომები, მაგრამ რუსეთის პასუხი არაპროპორციული იყო. მოსკოვის მხრიდან ძალის გამოყენებამ კონფლიქტის გეოგრაფიული ჩარჩო და საბრძოლო მოქმედების მასშტაბი გაზარდა. რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს გაუმართლებელია", _აცხადებს მილიბენდი.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას დიდი ბრიტანეთი მხარს არ დაუჭერს.