საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდა.
კვლევა, რომელიც სათაურშივე ვარაუდზეა აგებული, შეიცავს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიკერძოებულად ინტერპრეტირებული საკითხების ჩამონათვალს.
სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან 4 თვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა.
სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას და პროაქტიულად აქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების დაფინანსებას ეხება.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება“, აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში.