ბათუმის საზღვაო პორტი და უკრაინის „საზღვაო სპეციალიზირებული პორტი „ნიკა-ტერა“ ითანამშრომლებენ.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი აჭარის მთავრობის წარმომადგენლების უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ვიზიტისას გახდა, სადაც ბიზნესფორუმი „ბათუმი-ნიკოლაევი“ გაიმართა.
როგორც უკრაინული გამოცემა podrobnosti.ua წერს, „ნიკა-ტერას“ წარმომადგენლები, მხარეთა შეთანხმების დეტალებზე, კონკრეტული კონტრაქტების გაფორმებამდე არ საუბრობენ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება ტვირთბრუნვის ზრდა იქნება.
„ეს არის მხოლოდ სტარტი. მხარეები სწავლობენ ორი პორტის ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებს. მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებაზე ამ ეტაპისთვის თავს ვიკავებთ. თუმცა მივიჩნევთ, რომ ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მომგებიანი იქნება“, - განაცხადა „ნიკა ტერას“ წარმომადგენელმა ალექსანდრ გაიდუმ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება მიიჩნევს, რომ ასეთი სახის შეხვედრები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და კონკრეტულ რეგიონებსა და ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
პორტებს შორის მოსალოდნელ თანამშრომლობას პოზიტიურად აფასებს აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე.
„ნიკა-ტერა“ საკმაოდ წარმატებულია და სწრაფად ვითარდება. მივიჩნევ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი კომპანიაა. ამ საწარმოს მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ სახელმწიფო პორტების პარალელურად, რამდენად წარმატებულად ვითარდება კერძო პორტი. ის უკეთესად იმართება. აქ ინფრასტრუქტურა უკეთესია და დალაგებუილია ბიზნეს პროცესები“, - განაცხადა ხაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ნიკა-ტერა“Group DF-ის შვილობილი კომპანიაა.