საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან გამართა.
შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და მის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას.
მისივე თქმით, საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. უსუფაშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის გადამწყვეტია.
მისივე თქმით, ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენელთა ყველა შეკითხვას უპასუხონ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დამატებითი მოთხოვნები და წინაპირობები მოსალოდნელი არ არის.
მისივე განცხადებით, კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი ფედერიკა მოგერინისგან ისაა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარის პოლიტიკური შეხედულება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია არ არის.
„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გაიმეორა, რომ ის პოზიცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატა ევროპის კომისიამ, არის ძალაში, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ კომისიის პრეზიდენტის - იუნკერის, საბჭოს პრეზიდენტის - ტუსკის, პარლამენტის თავმჯდომარის - შულცის, ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ დამატებითი მოთხოვნები, წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის.
ამასთანავე, საკითხის განხილვას სჭირდება გარკვეული დრო. პარლამენტში კენჭისყრისას არ არის გამორიცხული, რომ ამა თუ იმ პარლამენტის წევრმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებიდან თუ სხვა რაიმედან გამომდინარე, სხვანაირად დასვას საკითხი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის ყველასგან, მათ შორის ქალბატონი მოგერინისგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველი საკითხი ბევრია, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების კონკრეტულ თარიღებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
„ევროკავშირს, დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის ვიზებთან დაკავშირებული თემები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, უკრაინასთან. ჩვენ მივიღეთ ამ საკითხშიც ძალიან მყარი პოზიცია ევროკომისიის და ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელების, რომ საკითხები იქნება განხილული ცალ-ცალკე, შესაძლოა პროცესი იყოს პარალელურად, ანუ ერთი დღის განმავლობაში იყოს განხილული, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს თემების გადაბმა და ერთი ქვეყანა დაელოდოს მეორე ქვეყანას და ასე შემდეგ. თუმცა, ობიექტურად, ვინაიდან თემები ბევრი აქვს ევროკავშირს, მათ შორის ევროპარლამენტს, კონკრეტულ თარიღებს და დღეებს ვერ ასახელებენ როდის მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, აქტიურად გაგრძელდება.