რესპოდენტის შესახებ
“ჯი-ეიჩ-ენი” ”ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკურ მდივანს მანანა ნაჭყებიას ესაუბრა
- ქ-ნო მანანა, არჩევნების თარიღი ცნობილია. მართალია, ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ ვითარება დღითი დღე იძაბება. როგორ ფიქრობთ, რა არის ის უმთავრესი პრობლემა დღეს, რომლის მოუგვარებლობამ ქვეყანა შემოდგომაზე შესაძლოა, მძიმე არჩევანის, პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირიპირების წინაშე დააყენოს? მით უფრო, უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პროცესები 2003 წლის მოვლენებს ემსგავსება.
- მართლაც გამორჩეული ვითარებაა და მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი. პოლიტიკური პარტიებისთვის პრაქტიკულად განაჩენის ტოლფასია კვლევების შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა. რომც არ იყოს ეს კვლევები, საზოგადოების განწყობის დანახვა რთული არ არის - ესაა სრული ნიჰილიზმი და იმედგაცრუება არა მხოლოდ მმართველი პარტიის მიმართ, არამედ ზოგადად პოლიტიკის მიმართ. ეს გასაგებიცაა: 2012 წელს იყო არანორმალურად დიდი მოლოდინი, რომ ძალიან მალე შეიცვლებოდა ვითარება ქვეყნისთვისაც და პირველ რიგში კონკრეტული ოჯახებისთვის. გახსოვთ კარგ, უკეთეს და საუკეთესო წლებად გამოცხადებული 2013, 2014, და 2015 წლები? 2016 -იც მილევისკენ მიდის და სიკეთე არ ჩანს! ამიტომ ნურავის ეგონება, რომ რაღაც განსაკუთრებული უპირატესობა აქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან! პრაქტიკულად ყველას თავიდან გვაქვს ამომრჩევლის ნდობა მოსაპოვებელი.
რაც შეეხება სცენარებს: ერთი სავარაუდო სცენარია - ხელისუფლება ჭარბად და დაუფარავად იყენებს ადმინისტრეციულ რესურსებს, არაფერს არ ცვლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობებსების თვალსაზრისისთ, აყალბებს არჩევნებს, მოდის უმრავლესობით და ამას მოჰყვება პროტესტი, რომელიც „ვიღაცის“ მცდელობით შესაძლოა არეულობაში გადაიზარდოს. ან მეორე სცენარი: ხელისუფლება ცვლის ნაცმოძრაობის დროინდელ საარჩევნო გარემოს, ატარებს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს, არჩევნების შედეგად პარლამენტში მოდის რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ბლოკი, მრავალპარტიული პარლამენტის შიგნით იქმნება კოალიციები და იქმნება უმრავლესობა და ყველაფერი მიდის კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში.
ცხადია, სასურველი და ქვეყნისთვის აუცილებელი სცენარი სწორედ მეორეა და ყველა პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მოვლენების შესაძლო განვითარებას. კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არ უნდა გაჩნდეს და ეს პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულებაა.
- ”ახალი მემარჯვენეები” საარჩევნო კოდექსის გაკეთილშობილებისა და ამომრჩევლის ინტერსებით ფორმირებისათვის მებრძოლთა რიგებში ხართ. ცხადია, რომ კოდექსი და, შესაბამისად, მის საფუძველზე ჩატარებული არჩვენები ბევრად განაპირობებს არჩევნების შედეგსაც და ქვეყნის ბედს, თუნდაც ერთი საარჩევნო ციკლით. ყველა ხელისუფლება ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს კოდექსი. ამჯერად რას ხედავთ ყველაზე დიდ საფრთხედ?
- მოდით ვნახოთ, რა შეიცვალა საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით იმ დროიდან, რაც ნაცმოძრაობა „ქართულმა“ ოცნებამ ჩაანაცვლა ხელისუფლებაში? სისტემა იგივე - შერეული, პროპორციულ - მაჟორიტარული, რომელიც ამ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით უსამართლო იყო, ოღონდ მანამდე, სანამ ისინი ოპოზიციაში იყვნენ. მე არ ვლანძღავდი მაჟორიტარებს და ჩემი სიტყვები არაა „ფეოდალი“, „წურბელა“ ! ეს სწორედ მათი სიტყვებია, პირველ რიგში კოალიციაში მაშინ შემავალი პარტიების ლიდერების ! თუ აქ ის ცნობილი პრინციპი მოქმედებს „ ის, მართალია წურბელაა, მაგრამ ჩვენი წურბელაა“? , ანუ სხვისი წურბელა ცუდია და „ქართული ოცნების“ კარგი? ამიტომ, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, უსამართლოა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი: ეხლა, როცა კოალიცია დაიშალა, ამბობენ ჩვენც ცალ-ცალკე პარტიები ვართ და ყველას თითო წარმომადგენელი გვყავსო, მაგრამ რა პრინციპით ჰყავთ თითო წარმომადგენელი? იმიტომ, რომ კვალიფიციური სუბიექტები არიან. და სხვაც რომ კვალიფიციურია და არ ჰყავს წარმომადგენელი ადმინისტრაციაში ეს რანაირი თანაბრობაა? გარდა ამისა - უფასო სარეკლამო დროც არ უნდა იყოს მხოლოდ ცალკეული პარტიების უპირატესობა. ეს წესიც შესაცვლელია. იცით როგორი რამაა? მე ყველანაირად უპირატეს მდგომარეობაში უნდა ვიყო, სისტემაც მოვირგო, კანონიც, ფულიც მე უნდა მქონდეს, სარეკლამო დროც, საარჩევნო ადმინისტრაციაში წვერებიც, ადმინისტრაციული რესურსიც და მიდი და თუ ბიჭი ხარ მომიგე! ასე არ გამოვა! ეს მიდგომა, როცა მმართველი ძალა პრივილეგილებულ მდგომარეობაში იტოვებს თავს, უნდა დამთავრდეს! გარდა ამისა, 2014 წლის ადგილობრივმა და შემდეგ ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ხომ დაგვანახა, რომ ხელისუფლება გაყალბებაზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე არ ამბობს უარს. სხვათაშორის, მმართველი კოალიცია დაშლილი არ იყო, როცა მისმა წევრმა პარტიამ აღიარა არცევნების გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
- წინა კითხვა შემთხვევით არ დამისვამს ცოტა ვინმემ თუ მიაქცია ყურადღება ორ ფრაზას კონგრესმენ რასელის განცხადებიდან: ”- საარჩევნო კომისიის შემადგენლობის სრული პრივატიზების პირობებში - ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მისი 98%-ი ივანიშვილის მიერ კონტროლდება - ქართველი ხალხი ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების უფლების მხრივ, შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე დგას. ასეთი დაშინების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი მსოფლიოს მხარდაჭერას მოელის....ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო კომისიას აღიდგინოს თავი წარმომადგენლობით ორგანოდ და ნუ იმყოფებს თავს მოსკოვის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კერძო მფლობელობაში”. ანუ, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გახდეს ქვეყანაში უმართავი პოროცესებისა და სამოქალაქო დაპირისპირების კატალიზატორი?
- საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ „ჩაწიკწიკებულ“ პროცენტებს რაც მოჰყვა 2003-ში კარგად გვახსოვს! ამიტომ, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობა უდიდესია! ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და უკვე კითხვის ნიშნებია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, რადგან იქ პარიტეტი არ აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის ცენტრალურში, ხელისუფლება უდიდესი უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. ახლა კი აცხადებენ, რომ დავიშალეთ, ერთი კოალიცია აღარ ვართ და ცალ-ცალკე პარტიებს გვყავს წარმომადგენელიო, მაგრამ სხვა პარტიებმა რა დააშავეს, რომელთაც ასევე კვალიფიციური პარტიის სტატუსი აქვთ? ცესკო, რომელიც ასეა დაკომპლექტებული, ნდობას არ იწვევს! მე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალქალაქში ვნახე ცესკო-ს წარმომადგენელი, რომელიც ნეიტრალური კი არა მხარე იყო, ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე და მისი ინტერესებისთვის ნებისმიერ რამეზე წამსვლელი. რაც შეეხება საოლქო კომისიას და მის თავმჯდომარეს ასმიკ მარანგოზიანს, ეს ხომ საერთოდ საარაკო პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიყალბეზე წავიდეს. სანამ ასმიკ მარანგოზიანები არიან საოლქო კომისიებში, მაპატიეთ, მაგრამ ნდობა ჭირს. მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თამარს, მის გამოცდილებას, მაგრამ ასე არ გამოვა! მარანგოზიანის ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება. ახალაქალაქი ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის სუს-ის ხელების ფათურის გამო არჩევნების შედეგებში, მაშინ მართლაც იდგა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ამან უფრო ფართო მასშტაბი რომ არ მიიღოს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამჭვირვალობისთვის, ობიექტურობისთვის, მიუმხრობლობისთვის.
- რამდენად ადეკვატური იყო ქართული პოლიტიკური სპექტრი და ექსპერტთა კორპუსი რასელის განცხადების შეფასებაში? ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები სადაც იყო საუბარი, რომ ეს არის დამაფიქრებელი და ასევე მოვისმინეთ ასეთი ფრაზაც - ვინც კონგრესმენ რასელის უკანალის ვირტუალური ლოკვით ცდილობს საკუთარი პროდასავლურობის დამტკიცებას, სინამდვილეში ნებისმიერ უკანალს ალოკავს (ვ. მაღლაფერიძე. რედ)... ანუ რა, რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას და ნუ გვაწუხებს?
-მაღლაფერიძის ამ განცხადებას მე ფეისბუქშივე გავეცი საკადრისი პასუხი. მიმხვედრი მიხვდებოდა! რაც შეეხება რასელსა და, ზოგადად, ამ ტიპის განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში, დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობაში. სხვათა შორის, ნაცმოძრაობის დროს, როცა მეგობარი ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვხვდებოდით, ხანდახან გვწყინდა მათი ცოტა არ იყოს, ინდიფერენტული დამოკიდებულება ჩვენი განცხადებებისადმი ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვქვეშ არასოდეს დაგვიყენებია მათი სურვილი და მცდელობა საქართველო ფუნქციონირებადი დემოკრატიის ქვეყანად ეხილათ.
- მოდით პირდაპირ გკითხავთ, მაინც საით მიდის ქვეყანა დეკლარირებული კურსით - დასავლეთისკენ თუ ქვედინებებით - ჩრდილოეთისკენ? ანუ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით?
- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის პრაქტიკულად სწორად წარმართვამ სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიმყარა იმედი, რომ დასავლური კურსი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილისთვის, მნიშვნელოვანია. ამას ემატება ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოკვეთილად პროდასავლელია. მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ქვედა დინებები მართლაც არის, სახეზეა გააქტიურებული რუსული აგენტურა, რუსეთიდან მართული არასამთავრობო სექტორის ნაწილი, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად და დაუფარავად თუ შეფარულად რუსული ორიენტაციის არიან. თან აშკარაა, რომ მათ აქვთ შანსი პარლამენტში მოხვდნენ. ამიტომ ჩვენი მიზანია პროდასავლური კურსის პოლიტიკურმა პარტიებმა კოორდინირება მოვახდინოთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პრორუსული პარლამენტი არ მივიღოთ. მე მაინც მგონია, რომ ამ არჩევნებზე ეს თემა - დასავლური თუ პრორუსული კურსის პარტიებს შორის არჩევანი სერიოზული ფაქტორი იქნება და ძალიანაც კარგი. დროა ქვეყანაში დასავლური განვითარება გარანტირებულ, შეუქცევად ხასიათს ატარებდეს და აღარ იყოს დამოკიდებული რა ძალები რა დოზით მოვლენ არცევნების შედეგად.
- როგორ ემზადებით არჩევნებისთვის? მით უფრო, იმ პირობებში, რომ რამოდენიმე პარტიის და ძირითადად სახელისუფლებო პარტიის გარდა, ბიზნესმენები ერიდიებიან პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინასებას.
- ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან ჯერ ბევრი რამ გაურკვეველია, პირველ რიგში საარჩევნო გარემოს ცვლილებები. ფაქტია, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი პარტიის დისკრედიტაციისთვის, „ შუა უნდა გაიკრიფოსო“ და გაკრიფა კიდევაც, მაგრამ რაც მივიღეთ შედეგად, იმან ქვეყანა ძალიან აზარალა. პარლამენტში იკლო პროფესიონალიზმმა, მთავრობაშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია. არ იყო სწორი ვთქვათ ჩვენი გაყვანის მცდელობა პოლიტიკური ველიდან და იმ ხალხის მოყვანა პარლამენტში, ვინც დღეს სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ სახეა და ისევ მმართველ პარტიას და ქვეყანას უქმნის პრობლემას. შესაძლოა ვიღაც ოცნებობდა ჩვენს პირითაგან მიწისა აღგვაზე, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ ასე არ მოხდა. არ მახსოვს მაღალი რანგის ფორუმი, კონფერენცია, სემინარი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ და იქ მემარჯვენეები არ იყვნენ წარმოდგენილნი. რატომ? იმიტომ რომ „დაბალპროცენტიანობა“ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ „მაღალპროცენტიანი“ გჯობნის. ისეთ „მარგალიტებს“ ვისმენ ამ „მაღალპროცენტიანი“, ე.წ. რეიტინგული პარტიების წარმომადგენლებისგან ხანდახან, რომ მიკვირს, კიდევ როგორ დგას ეს ქვეყანა ფეხზე ამ ადამიანების ხელში. სხვათაშორის, პირველად ვამბობ ხმამაღლა ასეთ რამეს, იმიტომ რომ არ მიყვარს საკუთარ პარტიაზე ასე საუბარი, მით უმეტეს სხვისი გაქილიკება, მაგრამ მართლა გასაოცარი არაპროფესიონალიზმის მოწმენი გავხდით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და პოლიტიკაც ამიტომ გახდა არამოდური, არამიმზიდველი ნიჭიერი, ჭკვიანი, გონიერი, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანებისთვის. ამით ქვეყანამ იზარალა, ჩვენ „შევაყოვნეთ“ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, დავკარგეთ ოთხი წელი, რომელიც მართლა შეიძლებოდა კარგი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის.
- მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, როდის უნდა ველოდოთ დაზუსტებულ პასუხს თუ რა სახით წარსდგებიან ”ახალი მემარჯვებეები” არჩევნებზე?
- რაც შეეხება გეგმებს. ჩვენი მიზანია, ისეთი ბლოკი შეიქმნას, რომელიც იდეოლოგიურ, მსოფლმხედველობრივ ერთობასა და რაც მთავარია, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ ვექტორზე იქნება დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი პარტიები რეალურად შეაფასებენ ვითარებას, მოახერხებენ ამბიციების მოთოკვას და ფართო კონსენსუსს მიაღწევენ ჩვენთან ერთად თუ უჩვენოდ, არის შანსი დღევანდელი მმართველი პარტიაც დაამარცხონ, ნაცმოძრაობაც, პრორუსული პარტიებიც და ხელისუფლებაშიც უმრავლესობით მოვიდნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა „ისრის კონა“ უფრო მაგარია, ვიდრე ცალ-ცალკე აღებული სათითაო ისარი. ვნახოთ, თუ გამოგვივა, კარგია, თუ არა - მაინც მაქვს იმედი, რომ 2016 წელს არჩეული პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება დღევანდელზე.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა გოჩა მირცხულავა