ოდესაში აქტივისტებმა მერის გადადგომის მოთხოვნით, ადმინისტრაციის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, მათ ქმედებას წინ უსწრებდა უცნობი პირების თავდასხმა კარვების ქალაქზე.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა გამთენიისას, ,,20-მდე დაუდგენელმა ნიღბიანმა კარვების ქალაქი დაარბია“. თავდასხმის მოგერიების შემდეგ, აქტივისტებმა მოახდინეს მერიის შენობის შესასვლელის ბლოკირება და დაწვეს საბურავები. ხუთი მათგანი დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები მივიდნენ ორგანიზებულად, ავტობუსით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ოდესის მერის თანამდებობაზე, გენადი ტრუხანოვი 2015 წლის ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნების შედეგად მოვიდა. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არჩევბნების შედეგებს არ აღიარებდა და მეორე ტურის გამართვას მოითხოვდა.