26 აპრილს, სამშაბათს, 02:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოფრინდებიან.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანია (-90) გახდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგები ევროპის ჩემპიონატზე
2 ოქრო
ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ)
3 ვერცხლი
ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ)
ესტერ სტამი (-70 კგ)
2 ბრინჯაო
ნუგზარ ტატალაშვილი (-73 კგ)
ლევან მატიაშვილი (+100 კგ)
გუნდური ჩემპიონატი
ოქრო - საქართველოს ეროვნული ნაკრები