ეროს რამაზოტის თბილისურ მოგზაურობაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. აღნიშნულის შესახებ დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც მედიამ რამაზოტის კონცერტის სამზადისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა,
დროის სიმცირის გამო ფილმს თბილისის მასშტაბით გადაიღებენ, ის სავარაუდოდ ივნისში გამოვა და იტალიურ არხებზე გავა ეთერში.
”თქვენ ხედავთ ოპერატორებს, რომლებიც მუშაობენ და ჯგუფთან ერთად ჩამოვიდნენ, რადგან კეთდება დოკუმენტური ფილმი ეროს რამაზოტის მოგზაურობის შესახებ, კადრები ჩვენი დედაქალაქის ასევე შევა ამ ტურში. საინტერესოა ასევე, რომ ტურის დაწყებისას იტალიაში დიდი კონკურსი ჩატარდა ფანებისთვის, სამმა ადამიანმა გაიმარჯვა და პრიზი იყო, რომ გაყოლოდნენ რამაზოტის ტურში და ეს სამი გამარჯვებული იმყოფება აქ, შემდეგ მიდიან ბაქოში და ისრაელში”, - განაცხადა გიორგაძემ.
მინისტრის თქმით, ოფიციალური თბილისი ფილმის ასლს მიიღებს, თუმცა როგორ ან სად მოხდება მისი ჩვენება ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის.