’თავისუფალი დემოკრატების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ფრუიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. ნინო ფრუიძემ მოუწოდა პოლიციას აქტიური ქმედებებისკენ, რათა სტრუქტურა გაიწმინდოს მოძალადე პოლიციელებისგან. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას ჩაერთონ კამპანიაში - „პოლიცია ძალადობს - დაიცავი შენი მუნდირი“ , რომელიც შაბათს კანცელარიის შენობასთან გაიმართება. ბრიფინგზე ესწრებოდნენ ძალადობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან დაზარალებული ადამიანები.
‘’ახალგაზრდა ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ვაპროტესტებთ და კატეგორიულად ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს, სამწუხაროდ არა-ერთი ადამიანი იქნა პოლიციის მიერ ნაცემი. ეს ფაქტები დღითიდღე ხშირდება... ეს ადამიანები ახლა ჩემს უკან დგანან...
ახლა მთავარია, რომ ყველა ახალგაზრდა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გავერთიანდეთ და მოვახდინოთ პრევენცია იმ სისასტიკის, რაც დღეს სამწუხაროდ პოლიციის განყოფილებებში კვლავ ხდება.
როდესაც პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებს პოლიციის რეფორმით, დაუშვებელია, სამართალდამცველები ამეტებდნენ თავის უფლებამოსილებას და არცხვენდნენ პოლიციელის მუნდირს. ჩვენ არ გვინდა ყველა პოლიციელი დავადანაშაულოთ და ვთქვათ, რომ ყველა პოლიციელი ძალადობს. ჩვენ - ახალგაზრდებს გვინდა, რომ პოლიცია გვიცავდეს და გვქონდეს მისი იმედი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს პოლიციის.
ახალგაზრდა ‘’თავისუფალი დემოკრატები’’, ამ ადამიანებთან ერთად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან იმ პოლიციელების დასჯას, ვინც იძალადა ჩვენს თანატოლებზე, საქართველოს მოქალაქეებზე და დანაშაული ჩაიდანა...
მოვითხოვთ პოლიციამ დაიწყოს აქტიური ქმედებები სტრუქტურის მოძალადეებისგან გასაწმენდად. საჭიროა პრევენცია, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს! სირცხვილია როდესაც პოლიცია ძალადობს!
ჩვენ!„თავისუფალი დემოკრატები“, მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ იმ ძალადობის წინააღმდეგ,რომელიც დღეს საქართველოში კვლავ ხდება.
მოგიწოდებთ ყველას! შემოგვიერთდეთ! ჩაერთოთ კამპანიაში - „პოლიცია ძალადობს - დაიცავი შენი მუნდირი“. ხმა ავიმაღლოთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დღეს პოლიციელის სახელს არცხვენს და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან მათი დასჯა’’, -განაცხადა ნინო ფრუიძემ.