ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად თურქეთმა ყველა პირობა უნდა შეასრულოს, ევროკავშირი დაწესებული კრიტერიუმების შერბილებას არ აპირებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თურქეთმა ყველა დარჩენილი პირობა უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ევროკომისიამ უახლოეს თვეებში მისი წინადადების მიღება შეძლოს“, - განაცხადა იუნკერმა.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა უარს იტყვის საბერძნეთიდან მიგრანტების მიღებაზე, თუ თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნების უვიზო მიმოსვლის ნებართას ივნისში არ მისცემენ. აჰმეთ დავუთოღლუს თქმით, უახლოეს დღეებში თურქეთის ხელისუფლება ამ საკითხს ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს.
“არ მსურს რამე კომენტარის გაკეთება ან სპეკულაციები. ჩვენ ევროკავშირის ლიდერებს უახლოეს დღეებში შევხვდებით. მე კვლავ მჯერა რომ სავიზო რეჟიმი ივნისში გაუქმდება. თუ ეს ასე არ მოხდება, არავინ ელოდოს, რომ თურქეთი შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებს”, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირსა და ანკარას შორის 18 მარტის სამიტზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთში არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს თურქეთში დააბრუნებენ. დაბრუნებული მიგრანტების სანაცვლოდ, ევროკავშირი თურქეთის ბანაკებიდან სირიელ ლტოლვილებს მიიღებს. ამასთან ევროკავშირი ანკარას დამატებით სამ მილიარდ ევროს დახმარებას დაპირდა. შეთანხმების შესრულება 4 აპრილს დაიწყო.