,,საქართველო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატო-ს ისტორიაში, ვინაიდან ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს უცნაური შემთხვევაა”, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, MAP-ი წინა ხელისუფლების დროს პოლიტიზირებულ საკითხად იქცა, რის გამოც, ნატო-ს წევრ 28 ქვეყანას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება.
ლაჰიუს განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში რეფორმების გატარებაა, რაც წარმატებით მიმდინარეობს.
,,ბუქარესტის სამიტიდან გამომდინარე სულ ისმის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის, როდის? - ეს გახლავთ თემა პოლიტიკის და ტექნიკური საკითხების კომბინაციისა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებს აწუხებთ. მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს რეფორმების უწყვეტობას. მათ აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ასევე ყველაზე მეტად ვაკვირდებით უსაფრთხოების პოზიციებს. რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას მხოლოდ ერთი გზით - თავდასხმის შემთხვევაში ყველა სხვა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.