ქაბულის ცენტრში ავტომობილით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობა იყო. ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ ღანის განცხადებით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღემატება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების რაიონში ინტენსიური სროლის ხმა ისმის.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უსაფრთხოების ძალებსა და თვითმკვლელის სავარაუდო თანამზრახველებს შორის შეტაკება მიმდინარეობს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტის ერთ-ერთ მოკავშირეს შესაძლოა, ასევე ჰქონდეს ე.წ. “შაჰიდის ქამარი”.
აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში იმ რაიონში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული, მათ შორის აშშ-ის საელჩო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” უკვე აიღო.
ავღანელმა თალიბებმა გასულ კვირას საგაზაფხულო შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს.