ესპანეთის მრეწველობის მინისტრი ხოსე მანუელ სორია “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, რომელიც მსოფლიო მოქმედი და ყოფილი ლიდერებისა და პოლიტიკოსების ოფშორულ საქმიანობას ეხება, სორიას სახელიც ფიგურირებს. მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარება ესპანეთის მთავრობას აზარალებს.
ხოსე მანუელ სორიას განცხადებით, ბოლო დღეებში მან აშკარა შეცდომები დაუშვა თავის ბიზნესთან დაკავშირებული სიტუაციის განმარტებისას. ამავე დროს მინისტრი ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
11 აპრილს ესპანურმა გამოცემამ El Confidencial-მა, რომელსაც “პანამური დოკუმენტებისადმი აქვს წვდომა, გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სორია 1992 წელს ორი თვის განმავლობაში ოფშორულ კომპანიას მართავდა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ესპანეთის მრეწველობის მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-სთან საერთო არაფერი აქვს. პრესკონფერენციის შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა დამატებითი ინფორმაცია სორიას პანამასა და ჯერსიში ოფშორულ კომპანიებთან კავშირის შესახებ.
ხოსე მანუელ სორია მეორე პოლიტიკოსი გახდა, რომელიც "პანამური დოკუმენტების" გამო გადადგა. მანამდე თანამდებობა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა სიგმუნდურ გუნლეიგსონმა დატოვა.