12 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე წარმოშობით თელაველი მხატვრის, ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელ ლევან მოსიაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა ”Mon Amour” (”ჩემი სიყვარული”) გაიხსნება.
ღონისძიებაზე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ქალაქ თელავის მერიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. ღონისძიებას დაესწრებიან კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფში გაწევრიანდებიან და საპატიო სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიებას დაესწრებიან და ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას გაეცნობიან ქალაქ თელავის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია წიგნებით დაასაჩუქრებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან მოსიაშვილის გამოფენა 18 აპრილამდე გაგრძელდება. ეს მხატვრის მეოთხე პერსონალური გამოფენაა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამჯერად დამთვალიერებელი იხილავს ბოლო ერთი წლის მანძილზე ავანგარდულ და აბსტრაქტულ ჟანრში შექმნილ 60-მდე ტილოს.
უახლოეს მომავალში ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენები იგეგმება ვაშინგტონში (აშშ), ჟენევაში (შვეიცარია), პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკა, ტულუზაში (საფრანგეთი).