ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში გაზრდილი დაძაბულობის და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო. ამასთან დაკავშირებით, ენმ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
,,საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს უშუალო სამეზობლოში და რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის ყველა სახელმწიფო ჩაბმული იყოს ურთიერთხელსაყრელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის დეესკალაციას და საბოლოო მშვიდობიან მოგვარებას. მაგრამ ფუნდამენტური საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობის ( ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის), იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ამავე დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ყოფილი საბჭთა იმპერიის მთელ სივრცეზე აღმოცენებული ე.წ კონფლიქტების ინსპირაცია წარმოადგენდა და წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკის ქვაკუთხედს. რუსეთი დღესაც არ ეგუება მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შემდგომი ესკალაცია შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელიც გვევლინება ძალადობის ინსპირატორად“,- ნათქვამია განცხადებაში.