რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ე.წ. “პანამური დოკუმენტების” მიზანი ქვეყანაში ვითარების შერყევაა. ოფშორულ საქმიანობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა პირველი კომენტარი მედიაფორუმზე გააკეთა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოფშორებში აქტივებს ფლობს.
“აქ ყველა ჟურნალისტი ხართ შეკრებილი და იცით, რა არის საინფორმაციო პროდუქტი. შეისწავლეთ ოფშორები. თქვენი მონა მორჩილი იქ არ არის, სასაუბრო არაფერია, თუმცა დავალება ხომ არის! რა გააკეთეს ასეთ შემთხვევაში? გააკეთეს საინფორმაციო პროდუქტი. იპოვეს ნაცნობები და მეგობრები, რაღაცები გამოჩხრიკეს და შეაკოწიწეს”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის ანგარიშში მისი ფოტო "გაურკვეველი ადამიანების" ფონზეა გამოქვეყნებული. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "პანამური დოკუმენტების" გამოქვეყნების უკან აშშ დგას. "ახლა ვიკილიქსმა" გვაჩვენა, რომ ამ ამბის უკან აშშ-ის ოფიციალური პირები და ორგანოები დგანან. ისინი ზოგჯერ საკუთარ თავს უფლებას აძლევენ საჯაროდ მოგვაყენონ შეურაცხყოფა, ამისათვის ამდინისტრაციის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ბოდიში მოგვიახა, თუმცა არა იმიტომ, რომ შერცხვათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მათზე ჭკვიანები არიან, ვინც ეს გააკეთა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, როდესაც აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, რუსეთში “ხვდებიან, ვინ არის დამკვეთი”.
ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მუსიკოს სერგეი როლდუგინთან მეგობრობით ამაყობს, რადგან მთელი გამომუშავებული ფული მან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დახარჯა.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, პანამაში რეგისტრირებულ მრავალ ოფშორულ კომპანიას მსოფლიოს ლიდერები, პოლიტიკოსები ცნობილი სპორტსმენები იყენებენ. გამოძიება პანამური იურიდიული ფორმის Mossack Fonseca-ს 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწვლას ეფუძნება.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მასალების თანახმად, Mossack Fonseca ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტებს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
გამოძიებაში საუბარია ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებზე. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს საიდუმლო ოფშორების ქსელი აქვს, სადაც ორ მილიარდ დოლარს ინახავს. გამოძიების თანახმად, ოფშორული კომპანიები სერგეი როლდუგინზეა რეგისტრირებული, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი უფროსი ქალიშვილის ნათლიაა.